Baby Bag

„ორი დღეა ვუყურებ, როგორ აჭედებენ ლურსმნებს ჩემი კუბოს ფიცარზე ადამიანები, რომლებსაც სახელმძღვანელო არ წაუკითხავთ,“ - სკანდალური ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი

„ორი დღეა ვუყურებ, როგორ აჭედებენ ლურსმნებს ჩემი კუბოს ფიცარზე ადამიანები, რომლებსაც სახელმძღვანელო არ წაუკითხავთ,“ - სკანდალური ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი

ქალბატონი ნატა ახმეტელი, რომელიც სკანდალური ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კრიტიკოსებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ სკოლის მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციის შეიტანამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქალბატონი ნატა ახმეტელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სალამი, მეგობრებო. ზოგადად სოციალურ ქსელში პასიური ვარ და სავარაუდოდ, არც მომავალში ვიქნები აქტიური. ორი დღეა ვუყურებ, როგორ აჭედებენ ლურსმნებს ჩემი კუბოს ფიცარზე ადამიანები, რომლებსაც სახელმძღვანელო არ წაუკითხავთ. ერთ-ერთ ძველ სახელმძღვანელოში მოყვანილი მქონდა პასტერნაკის „ექიმი ჟივაგოს“ ისტორია, რომელიც ასე სრულდებოდა: გაზეთების რედაქციებში „რიგითი საბჭოთა მოქალაქეების“ უამრავი წერილი მიდიოდა. ისინი რომანის გამო აღშფოთებას ვერ მალავდნენ. იმ პერიოდში გამოთქმად იქცა: „მართალია, პასტერნაკის რომანი არ წამიკითხავს, მაგრამ გეტყვით...“.

სტატიებსა და გადაცემებში მოყვანილი ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, ზოგ მათგანზე მივწერე კიდეც „ფორმულას“. ფაქტია სახელმძღვანელო კი არა, პარაგრაფიც კი არ აქვთ წაკითხული.

ძირითად ბრალდებებს ვუპასუხებ: პარაგრაფი, სადაც აგვისტოს ომზეა დაწერილი ასე იწყება:

2003 წლის შემდეგ საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთის მრავალი მცდელობა, ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, უშედეგო გამოდგა.

ერთადერთ საშუალებად იმგვარად, დარჩა საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში რომ აგრესორი ქართული მხარე გამოსულიყო. ყოველივე ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვისკენ იყო მიმართული. 2008 წლიდან რუსეთი ფორმალურადაც კი აღარ იცავდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს.

2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის

რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის

გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის

რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით ჯარისკაცი

შემოიყვანა...

და ოსური სამხედრო ფორმირებების უკან რომ რუსეთი იდგა, არ ჩანს ამ ტექსტიდან?

რაც შეეხება კითხვას:

1. შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართულ სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?

ეს სადისკუსიო კითხვაა. მოსწავლემ უნდა გამოხატოს პოზიცია, იმსჯელოს. დისკუსიის დაწყება რომელიმე პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს? რატომ გგონიათ, რომ ბავშვი აუცილებლად დადებითად უპასუხებს და არა პირიქით? ეს ხომ სადისკუსიო კითხვებია ისევე, როგორც, სხვა მრავალი ისტორიაში?

რატომ ვერ შენიშნეს პარაგრაფში ეს დავალება: 10. გააანალიზე წყაროები ბ), გ), დ) და ე) და იმსჯელე, არის თუ არა ეს წყაროები არაპირდაპირი სამხილი, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია არა ოსი მოსახლეობის სამშვიდობო მისიის ფარგლებში დასაცავად, არამედ ნატოში საქართველოს მოსალოდნელი შესვლის აღსაკვეთად ჩაატარა? პასუხი დაასაბუთე.

აქვე გთავაზობთ, პარაგრაფიდან სხვა კითხვებსაც:

2. რუკა 54 შეადარე 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის რუკას. როგორ ფიქრობ, რამ შეუშალა ხელი რუსეთს იმავე მიმართულებებიდან შეეტია საქართველოსთვის?

3. შეასრულე დავალება კონტურულ რუკაზე.

4. როგორ ფიქრობ, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, შესაძლებელი

იყო თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია? პასუხი დაასაბუთე.

5. შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომი გლობალურ ან რეგიონულ ომში

გადაზრდილიყო?

6. გააანალიზე მედვედევ-სარკოზის შეთანხმების პუნქტები და იმსჯელე, რატომ არ

შეასრულა ის რუსეთმა.

7. შენი აზრით, რატომ სურს რუსეთს კავკასიაზე და ზოგადად პოსტსაბჭოთა

სივრცეზე გავლენის შენარჩუნება?

8. რატომ თვლის რუსეთის ხელისუფლება საფრთხედ ნატოს აღმოსავლეთით გაფარ-

თოებას?

9. შენი აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას პირდაპირი კავშირი აქვს

დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს ცნობასთან თუ ეს რუსეთისთვის საბაბი აღმოჩნდა?

10. გააანალიზე წყაროები ბ), გ), დ) და ე) და იმსჯელე, არის თუ არა ეს წყაროები

არაპირდაპირი სამხილი, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია არა ოსი მოსახლეობის სამშვიდობო მისიის ფარგლებში დასაცავად, არამედ ნატოში საქართველოს მოსალოდნელი შესვლის აღსაკვეთად ჩაატარა? პასუხი დაასაბუთე.

11. გააანალიზე ქვემოთ მოცემული კარიკატურები. რომელი გამოხატავს, ერთი მხრივ,

დასავლეთის ქვეყნებისა და საქართველოს, მეორე მხრივ კი, რუსეთის პოზიციას და

რატომ?

12. იმსჯელე, შეიძლება თუ არა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აღსაწერად ეს

კარიკატურები გამოვიყენოთ? პასუხი დაასაბუთე.

ეს პოსტი ეძღვნება ძირითადად ჩემს მეგობრებს, მოსწავლეებსა და კოლეგა მასწავლებლებს,“ - წერს ნატა ახმეტელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანი, რომელიც მარჯვნივ გადახრილად წერს ტექსტს, უფრო დეპრესიულობისკენ არის მიდრეკილი,“ - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„ადამიანი, რომელიც მარჯვნივ გადახრილად წერს ტექსტს, უფრო დეპრესიულობისკენ არის მიდრეკილი,“ - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ ხელწერის ფსიქოლოგიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხელწერა ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება:

„ჩვენ ბევრი ხელნაწერი შევისწავლეთ უკვე, თუნდაც ძველი, მაგალითად გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერების ექსპერტიზასაც ვაკეთებდით, მისი ფსიქოტიპის დასანახად ინტერესიდან გამომდინარე. თითოეული ადამიანის ფსიქოტიპი განსხვავდება თითოეული ასოს მოყვანილობის, წერტილის დასმის სიტუაციაში. გარდა ამისა, თუ ვხედავთ ადამიანი როგორ წერს და იმ მომენტში ვაკვირდებით, ვხედავთ სად აკეთებს პაუზას, რომელი ასოს მოყვანილობისას სჭირდება პაუზა და რა პრობლემაა: შეიძლება ეს იყოს ემოციების დეფიციტი, მოთხოვნილება, რომ „დამინახე.“ ხშირ შემთხვევაში ხელმოწერიდან გამომდინარე ვაკეთებთ ზოგად დიაგნოსტიკას, როგორი ტიპის არის ეს ადამიანი, სად აქვს ლიდერული თვისებები, რა შეიძლება იყოს მისი ინტერესის სფერო. დამსაქმებლებისთვისაც ხშირად ყოფილა საინტერესო: რამდენად ღირს ამ კადრის აყვანა სამსახურში?

ძალიან ხშირად არის მომართვა წყვილების მხრიდანაც. 2014 წლიდან ჩემი აქტიური ფსიქოთერაპიის ნაწილია, როდესაც მოდიან წყვილები და ამბობენ, რომ მე ასე ვწერ, ეს ჩემი შეყვარებულის წერილია და მოდი, გავაკეთოთ დიაგნოსტიკა. ასეთ დროს ყოველთვის ძალიან ვცდილობ, რომ ვთქვა უარი. როდესაც ორი ადამიანი ერთად მოდის, შეიძლება მათ ემოციურობაზე საუბარი, მათ ერთმანეთთან კონტაქტზე საუბარი. არის ხოლმე დიაგნოსტიკა, რამდენად მფლანგველია ადამიანი, რამდენად უყვარს ახალი ნივთების შეძენა, ესეც ჩანს ხოლმე ხელნაწერში.

ადამიანებს, რომლებიც ძალიან წვრილად წერენ, ყოველთვის უფრო მეტი შფოთვის დონე აქვთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც მსხვილი ასოებით წერენ. შფოთვის დონე ჩანს დახრილობაშიც. თუ უფრო მეტად მარჯვენა მხარეს არის დახრილი ტექსტი, ვსაუბრობთ, რომ უფრო მაღალია შფოთვის დონე, უფრო დეპრესიულობისკენ არის მიმართული ადამიანი. თუ ასოები არ არის დამთავრებული და შეკრული, აქ არის ემოციური დეფიციტები,“- მოცემულ საკითხზე ნინო კერესელიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“ 

წაიკითხეთ სრულად