Baby Bag

,,ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახს მამა - აცრილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს''

,,ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახს მამა - აცრილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს''

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აც­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს:

,,ისევ აცრის შესახებ..

ძალიან ვთხოვე ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ამირანს, გარდაცვლილთა რაოდენობის გამოცხადებისას ისიც აღნიშნონ, რამდენია მათ შორის ვაქცინირებული. იდეა მოეწონა, მაგრამ ტექნიკურად ცოტა რთული აღმოჩნდა იმავე დღეს დიფერენცირება. ამიტომ თვის ჭრილში აკეთებენ, თუმცა თვის ჭრილში ამას ნაკლები ადამიანი ეცნობა და კარგავს იმ მნიშვნელობას, რაც უნდა ჰქონდეს. გარდაცვლილთა 1%-იც არ იქნება აცრილი! ჩვენთან ერთი გარდაიცვალა მხოლოდ და ისიც ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებით - შეიძლება კოვიდის გარეშეც რომ გარდაცვლილიყო! რამდენი ხანია ბოჭორიშვილის კლინიკის 20 კაციან რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მოხვედრილა! ესაა მთავარი!

წინა სტატიის კომენტარში ასეთი რამ გამოჩნდა: ,,თანმდევი დაავადებით ისეთი ხალხი კვდება კოვიდის დროს, რომელიც ისეც მოკვდებოდნენ" - ო. დამახინჯებულადაა გადმოცემული ჩემი ერთი ქეისი. მართლაც გარდაგვეცვალა ერთი აცრილი პაციენტი, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ" ყველა ვინც კვდება მომაკვდინებელი სხვა სენიც აქვს". უკუღმართი ლოგიკაა. რა თქმა უნდა არსებობს რისკის ჯგუფი, ვისაც განსაკუთრებით ერჩის კოვიდ-19, მაგრამ ეს ვირუსი რომ არ შეხვედროდა, 20-30წელს იცხოვრებდა! აბა, საბოლოოდ ყველა მოკვდავები ვართ. თანმდევი დაავადებებიდან გამოვარჩევდი დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკულ დაავადებებს, სიმსუქნეს! ჩემი წონის კაცი უკვე რისკ ფაქტორის მქონეა, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელად ვითვლები.

ორშაბათს, დილის კონფერენციაზე, ჩვენი კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის უკვე ძალიან ბევრის მნახველი უფროსი, Tata Kachibaia მკვდარი სახით შემოვიდა.. ბევრჯერ მითქვამს, როგორ ბერდებიან ერთ დღეში რამოდენიმე წლით ექიმები.. წინა ღამით ორსაათნახევარი იბრძოდა ახალგაზრდა, 40 წლის კოვიდიანი მამაკაცის სიცოცხლისთვის. ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახს მამა.. 

ავადმყოფი დიდი წონის მქონე იყო (ამის გამო დიაბეტიც ჰქონდა დაწყებული). ძალიან დიდი სინანულით და ამავე დროს სრული დარწმუნებით თქვა თათამ: "აცრილი რომ ყოფილიყო აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს და შეიძლება ჩემთანაც კი არ მოხვედრილიყოო". წვრილშვილიანი ოჯახი დარჩა უმამოდ. ვთხოვე, ეს სიტყვები ტელევიზიითაც ეთქვა, მაგრამ სააერთოდ სიტყვაძუნწია და მივეცი თავს უფლება აქ მეთქვა თქვენთვის,'' - აღნიშნავს დავით გადელია.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აბსოლუტური უაზრობაა მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება...ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც''

,,აბსოლუტური უაზრობაა მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება...ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც''
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს შემდეგი სათაურით აქვეყნებს - ,,როცა შეზღუდვები ინტელექტს დასცინის ...''.  როგორც ექიმი აღნიშნავს, აბსოლუტური უაზრობაა მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება...ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც:

,,გონიერ ადამიანებში ამბოხის დაუძლეველი სურვილი განსაკუთრებით მაშინ იღვიძებს, როდესაც ბრძანების შესრულება მის ინტელექტუალურ შეურაცხყოფას იწვევს. გამონაკლისი არც კოვიდ-პანდემიის პერიოდი ყოფილა. მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური კასტის მიერ შემოღებულმა ურთიერთგამომრიცხავმა, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელმა და სულელურმა შეზღუდვებმა არაერთი პასიური თუ აქტიური პროტესტი გამოიწვია. ეს შეზღუდვები მრავალი მიზეზით იყო გაპირობებული; ძირითადათ გაურკვევლობითა და ვირუსის ბუნების არასრულყოფილი ცოდნით; საკმაოდ ხშირად უბრალოდ პოლიტიკური კონიუნქტურით. ამ პროტესტების და ინსტიქტური ამბოხის გამო გონიერი ადამიანები ხშირად აბსოლუტურად უაზროდ იქცეოდნენ და იქცევიან, რაც საბოლოოდ ძალიან კონტრპროდუქტიული და უბრალოდ საშიშია.

ბოლოდროინდელი კომიკური გადაწყვეტილება ამერიკული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშზეა, რომელმაც დახურულ სივრცეებში აცრილი ადამიანებისათვის ნიღაბის ტარების აუცილებლობა გააუქმა. გადაწყვეტილება იმდენად სულელური იყო, ახალი ადმინისტრაციის და სამედიცინო ხელმძღვანელობის მიმართ უკიდეგანოდ ლოიალური ადამიანებიც კი აღაშფოთა.

აბსოლუტური უაზრობაა მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება, თუ ადამიანი მარტოა, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთადაა, ან მინიმუმ ორი მეტრითაა დაშორებული სხვა ადამიანებისაგან. ეს უკვე დამტკიცებულია როგორც ემპირიულად, ასევე მეცნიერულადაც. მსგავსი სულელური შეზღუდვა მართებულ პროტესტს იწვევს და შემდეგ ეს პროტესტი დახურულ სივრცეებზეც ვრცელდება, სადაც ნიღაბის ტარება გონივრული და სასურველია.

ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც, რომლის გახანგრძლივებულ გამოყენებას სასოწარკვეთილ სიბრაზემდე და დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი. თუ ხანმოკლე პერიოდისათვის კომენდანტის საათი ეფექტურია, უაზროდ გაგრძელებისას ძალიან კონტრპროდუქტიული ხდება, რადგან ადამიანები დაუღალავად ფიქრობენ გამოსავალზე და მონატრებულ ურთიერთობებს კონსპირაციულ პირობებში, ბევრად უფრო საშიშ გარემოებებში ახორციელებენ.
შეზღუდვები აუცილებლად უნდა ატარებდეს დინამიურ ხასიათს და მაქსიმალურად ლოგიკური უნდა იყოს, რათა საბოლოოდ უფრო მეტი ვნება არ გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი. თუ შეზღუდვები გახანგრძლივდა, ადამიანის გონება ავტომატურად იწყებს გამოსავალის მოძებნას და პოულობს კიდეც.

2020 წლის 12 დეკემბერს, ესპანეთში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც 18-დან 59 წლის ასაკის 960 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეები ყოველგვარი სისტემის გარეშე გაჰყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი, 465 ადამიანი, დაესწრო 5-საათიან კონცერტს, რომელიც დახურულ სივრცეში მიმდინარეობდა; მეორე ჯგუფი კი, 495 ადამიანი, საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა და ისინი სახლში გაუშვეს. ყველა მონაწილე ექსპერიმენტამდე 12 საათით ადრე შემოწმებული იქნა კოვიდზე როგორც სწრაფი ანტიგენის ტესტით, ასევე PCR ტესტითაც, რათა ყალბი ნეგატიური შედეგი გამორიცხული ყოფილიყო. კონცერტზე ჩატარდა ტემპერატურული სკრინინგი და ყველა დამსწრე ატარებდა N95 ნიღაბს. დარბაზში არ იყო დაცული არავითარი სოციალური დისტანცია და მონაწილეებს უფლება ჰქონდათ ეცეკვათ და ემღერათ. დარბაზში 20 გრადუსი მუდმივი ტემპერატურა იყო და ყველა კარი ღია, ვენტილაციის გასაუმჯობესებლად.

კონცერტიდან 8 დღის შემდეგ მონაწილეებსა და საკონტროლო ჯგუფსაც ისევ ჩაუტარდათ ტესტირება. საკონტროლო ჯგუფის 2 მონაწილეს აღმოაჩნდა კოვიდი; ორივეს მსუბუქი ფორმით. კონცერტზე დამსწრეთა ექსპერიმენტულ ჯგუფში კი აბსოლუტურად არავის. ეს ექსპერიმენტი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ დახურულ სივრცეებში მასიური თავშეყრებიც შეიძლება აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. მსოფლიოს ძალიან გაუმართლა, რომ ოლიმპიადა წელს იაპონიაში იმართება და არა რომელიმე უდისციპლინო ქვეყანაში. დიდი ალბათობით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ არანაირ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას არ ექნება ადგილი.

შესაბამისი ეპიდემიოლოგიური დისციპლინის მიღწევა მხოლოდ ორი სახით არის შესაძლებელი, ხისტი ძალით, ან მაღალი სამოქალაქო შეგნებით. ძალისმიერი მეთოდები გარკვეული ხნის შემდეგ კონტრპროდუქტიულია; ცხადია თუ სასტიკ ავტორიტარულ რეჟიმთან არ გვაქვს საქმე; მაშინ როდესაც სამოქალაქო შეგნების ამაღლება პირიქით, სულ უფრო გაუმჯობესებულ დისციპლინას განაპირობებს, რადგან ადამიანები ნებაყოფლობით, შეგნებულად იცავენ წესრიგს.

იმედია, ქართული ეპიდემიოლოგიური სამსახურიც გაითვალისწინებს ამ მარტივ აქსიომას და არ მოსთხოვს ადამიანებს ღია სივრცეში, ზაფხულის პაპანაქებაში ნიღაბის ტარებას; ან დაუსრულებლად არ გააგრძელებს უკვე ძალადობაში გადასულ კომენდანტის საათს. სამაგიეროდ, სრული უფლება ექნება, მთელი სიმკაცრით მოითხოვოს გონივრული შეზღუდვები დახურულ სივრცეებში. გახსოვდეთ, ძალადობა ყოველთვის კონტრპროდუქტიულია, გამონაკლისის გარეშე. ნუ შეურაცხყოფთ ადამიანების ინტელექტს, ისინი ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს გამოსავალი საბოლოოდ ეპიდემიოლოგიური კატასტროფის მიზეზი შეიძლება გახდეს,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული. 

წაიკითხეთ სრულად