Baby Bag

„ვინ უნდა წავიდეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე? ცხადია, პოლიტიკოსი! აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია,“ - დავით გადელია

„ვინ უნდა წავიდეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე? ცხადია, პოლიტიკოსი! აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია,“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ახალი ჯანდაცვის მინისტრის დანიშვნის მოლოდინში მოქალაქეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი სურვილი მაქვს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებში გაიფანტოს მაღალი თანამდებობების მიმართ მაგიური ზემოქმედებითი გავლენა და აღარ გვქონდეს ლამის ირაციონალური პატივისცემა და რიდი (ოცნებასაც არ ვწერ, რადგან ზოგისთვის ის ოცნების მიღმაცაა) „თანამდებობის პირებისადმი".

მოგეხსენებათ, ახლა განთავისუფლდა ჯანდაცვის (მოკლედ ვამბობ) მინისტრის თანამდებობა და არის ერთი ამბავი- გამოკითხვები და მარჩიელობა-ვის დააყენებენ, ვის დანიშნავენ იქ, „ზევიდან"?!

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მინისტრად დანიშვნა ჰგონია ოლიმპოზე, ღმერთების რანგში აყვანა. სრულიად ჩამორჩენილი შეხედულებაა! არის კი ასეთი მიმზიდველი მინისტრობა? განსაკუთრებით, ჩემს ახალგაზრდა მეგობრებრებს და თანამემამულეებს მივმართავ და მათ მინდა ჰქონდეთ სწორი, გამართული ხედვა. ფინანსური თვალსაზრისით: ვნახე მინისტრის ხელფასი (საჯარო ინფორმაციაა), 3500 ძირითადი+2700 ლარი დანამატი. ეს დარიცხული და ჯამში, თვეში ხელზე გამოსდით 5000 ლარის ფარგლებში. ნუ დაიჯერებთ ჭორებს, რომ „ჯანდაცვის მინისტრები მილიონებს აკეთებენ!" თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 14-15 წელია ასეთი რამ არ მომხდარა და იმედი- რომ არასდროს მოხდება! ეს ჭორები მართალიც რომ იყოს, „თქვენ" ხომ არ ხართ ასეთი! „თქვენ" რომ დაგნიშნონ, ხომ არ მოიპარავთ ფულს და იქნებით ამ ხელფასის ამარა? ჰოდა უნდა გითხრათ, რომ თვეში 5000 ლარი არცერთი გამორჩეული, მოთხოვნადი ექიმისთვის არაა საოცნებო ხელფასი. არც კარგი მენეჯერისთვისაა ეს თანხა რაღაც საოცარი. ამიტომ, ჩემი აზრით, არცერთი გამორჩეული ექიმი, ან მაგარი მენეჯერი არ წავა ამ ეფემერულ, არასტაბილურ სამუშაოზე, სადაც დღე და ღამე უნდა იმუშაო, ძილშიც ფიქრისგან თავი გტკიოდეს და მაინც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილო გყავდეს და ორშაურად გაგინებდეს დედას! ოპოზიციაზე არაფერს ვამბობ... ამ ფასად არ ღირს ნამდვილად!

ამიტომ, ვინ უნდა წავიდეს ამ თანამდებობაზე? როგორაა სხვაგან? ცხადია პოლიტიკოსი! ადამიანი ვისაც აქვს ამ მიმართულებით პოლიტიკის წარმოების ვალდებულება, თავისი გუნდის წინაშე. აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია. მეტიც- სასაცილოც! ისე, გულახდილად რომ ვთქვათ- არც ექიმობაა აუცილებელი, მაგრამ კონსერვატორები ვართ ექიმები და მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა მინისტრი სხვა პროფესიისაა (მგონი სულ 1 შემთხვევა იყო ჩვენთან). მთავარი და შეიძლება ერთადერთიც, რაც მოეთხოვება მინისტრობის კანდიდატს, არის სისტემური აზროვნება. სასურველია, მთელი სისტემა დეტალებში ჰქონდეს წარმოდგენილი. აუცილებელია ასევე, რომ მინისტრი ეთანხმებოდეს არსებულ სისტემას, ან თუ თვლის რომ სისტემა (ამ შემთხვევაში ჯანდაცვის) შესაცვლელია - წინასწარ წარმოადგინოს შეცვლის კონცეფცია.

პ.ს. ერთ-ერთ საიტი ეკითხებოდა მკითხველს- ვის ისურვებდა ჯანდაცვის მინისტრად. აბსოლიტური უმრავლესობის პასუხი ისეთი იყო, რომ ისევ დავრწმუნდი დიდ სიბრძნეში: ძალიან ბევრ ხალხს ერთდროულად, ჭკუა არ უნდა მოკითხო!“ - აღნიშნავს დავით გადელია.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად