Baby Bag

ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება

ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება

„ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან.


2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა. ხელფასების ზრდა დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.


განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან;


მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებას და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან;


მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინანსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას,“ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რას უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა შედეგების გაგების შემდეგ? - მნიშვნელოვანი რჩევები აბიტურიენტებს

რას უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა შედეგების გაგების შემდეგ? - მნიშვნელოვანი რჩევები აბიტურიენტებს
აბიტურიენტების აქტუალურ კითხვებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია პასუხობს.

სულ რამდენიმე დღეში აბიტურიენტები შეიტყობენ აპელაციის შედეგებს. რა დრომდე ექნებათ შესაძლებლობა, ცვლილება შეიტანონ საკუთარ გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში?

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ აბიტურიენტებს, ყურადღება მიაქციონ ჩვენს ვებ- და ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

რას გულისხმობს პროგრამების ცვლილება?

ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია წაშალოს, დაამატოს ან გადაანაცვლოს საგანმანათლებლო პროგრამა ე. წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამის შესაძლებლობა მსურველებს აპელაციის შედეგების გაგების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში ექნებათ.

აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გარდა პროგრამების ცვლილებისა, კიდევ რას უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა?

თუ აბიტურიენტი აპელაციის შედეგებს არ ელოდება, ამ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელოვანია გათანაბრებული და სკალირებული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქვეყნდება. იმ საგნებში, რომლებშიც იყო ტესტის რამდენიმე ვარიანტი, გათანაბრების შედეგად ქულა შეიძლება შეიცვალოს. ამ ცვლილების შედეგად აბიტურიენტმა შესაძლოა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მაშინაც კი, თუ მას პირველადი შედეგების გამოცხადებისას არ ჰქონდა ბარიერი დაძლეული.

რამდენი პროგრამის არჩევა შეუძლია აბიტურიენტს?

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თავის გავრცელებულ განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, აბიტურიენტი საკუთარი არჩევნის რაოდენობაში შეზღუდული არ არის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს 100-ზე მეტი არჩევანი გაუკეთებია და იყო შემთხვევაც, როდესაც მხოლოდ ერთი არჩევანი გააკეთა - მისთვის მხოლოდ ეს ერთი პროგრამა იყო მნიშვნელოვანი. ცენტრი ურჩევს აბიტურიენტებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი - გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე, რისი შესაძლებლობაც მათ აქვთ.

ხშირად გვეკითხებიან, როგორ გააკეთონ რეიტინგული ჩამონათვალი და რის მიხედვით შეარჩიონ პირველი პროგრამა? ჩემი პირადი რჩევა ასეთია: პირველი ყოველთვის დაწერეთ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც ყველაზე მეტად გსურთ ჩარიცხვა და სწავლის გაგრძელება, შემდეგ კი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიუთითოთ პროგრამები ცნობარში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

თუ აბიტურიენტს პროგრამა პირველ ადგილას აქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?

იმ შემთხვევაში, თუ ერთ აბიტურიენტს აქვს მეორე აბიტურიენტზე მაღალი ქულები, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა მას, ვთქვათ, მესამე ადგილზე ჰქონდა მითითებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.

თუ აბიტურიენტმა ჩააბარა მათემატიკაც და ისტორიაც და ერთ-ერთ საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რა უნდა გაითვალისწინოს მან საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა კარგად უნდა გადაამოწმოს არჩევანი და ჩამონათვალში დატოვოს მხოლოდ ის პროგრამები, სადაც ჩაირიცხება იმ საგნით, რომელშიც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დამატებით რას ურჩევდით აბიტურიენტებს?

აბიტურიენტებს ვთხოვ ყურადღება მიაქციონ მათთვის განკუთვნილ ცნობარში მოცემულ ინფორმაციას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტში ასახულია ყველა ის ცვლილება, რომლებიც განხორციელდა რეგისტრაციის დაწყებიდან (ვგულისხმობ ინფორმაციას აკრედიტაციის შესახებ).

ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილები, რომლებშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სწავლის საფასური, თუ რომელ ქალაქში ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო პროცესის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი წინ არის. ამიტომ აბიტურიენტებს ვურჩევ აუცილებლად გადაამოწმონ საკუთარი არჩევანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაივიწყონ ნებისმიერი ცვლილების დამახსოვრება.
წაიკითხეთ სრულად