Baby Bag

ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება

ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება

„ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან.


2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა. ხელფასების ზრდა დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.


განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან;


მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებას და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან;


მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინანსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას,“ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ახალი სკოლის მოდელში" ჩართული მასწავლებლები ვერ მიიღებენ რაიმე ბონუსებს, რაც საჭიროა სქემაში წინსვლისთვის. ჩვენ არ ვმოქმედებთ ამ პრინციპით''

,,ახალი სკოლის მოდელში" ჩართული მასწავლებლები ვერ მიიღებენ რაიმე ბონუსებს, რაც საჭიროა სქემაში წინსვლისთვის. ჩვენ არ ვმოქმედებთ ამ პრინციპით''

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა სოციალურ ქსელში ,,ახალი სკოლის მოდელის'' პროექტზე საუბრობს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

,,მეგობრებო, კოლეგებო, როგორც იცით, საქართველოს 600-მდე სკოლა ჩართულია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდამჭერ პროექტში - "ახალი სკოლის მოდელი".

1. ამ პროექტში ჩართვა არის ნებაყოფლობითი. მეორე სემეტრიდან 600-ზე მეტმა სკოლამ მოგვმართა, მაგრამ ამდენი ვერ ჩავრთეთ, რადგან ადამიანური რესურსი დასაზღვრულია,;დავამატეთ 300-მდე სკოლა, მეორე - 300-ს სექტემბრიდან ჩავრთავთ;

2. ვინც ჩართულია, იმ სკოლების წარმომადგენელ პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა (და არა ვალდებულება), რომ დაესწრონ კვირაში სამჯერ საკონსულტაციო შეხვედრებს. ეს არის სკოლების მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ არა - თავსმოხვევა. თუკი კონკრეტული მასწავლებელი თვლის, რომ თავად შეუძლია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ თუ კი გსურთ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდისგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების გაცნობა, მაშინ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან;

3. ჩართულ სკოლებს და მასწავლებლებს მხოლოდ მადლობას ვეტყვით, ვინაიდან თქვენთან თანამშრომლობა, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს საგნობრივი ექსპერტების უმრავლესობა თავად არის მასწავლებელი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მასწავლებლებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ამ პოტენციალის განვითარება და მოსწავლეების წინსვლაზე ერთობლივად ზრუნვა;

4. ყველა იმ სკოლისთვის - საჯარო და კერძოსთვის - რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ერთვებიან, მაგრამ სურვილი აქვთ, ღიაა საკონსულტაციო რეჟიმი. ყველა მსურველი პედაგოგისთვის (და ასეთი ორიათასზე მეტი იყო პირველ სემესტრში) დაგეგმილია მთელი სემესტრის განმავლობაში კვირაში ორჯერ საკონსულტაციო შეხვედრები. ჩასართავად მიმართეთ თქვენს დირექტორებს, რესურსცენტრებს, ან სამინისტროს, ან მე პირადად. გასული სემესტრიდან ჩართული მოხალისე მასწავლებლების დამსახურებაა დიდწილად, რომ მეორე სემესტრში 600-ზე მეტმა სკოლამ მოგვმართა;

5. "ახალი სკოლის მოდელში" ჩართული მასწავლებლები ვერ მიიღებენ რაიმე ბონუსებს, რაც საჭიროა სქემაში წინსვლისთვის. ჩვენ არ ვმოქმედებთ ამ პრინციპით. ჩვენ მხოლოდ თქვენი მოტივაცია და თქვენი მონდომება გვეიმედება, ამიტომ ჯილდოებს არ გაძლევთ, მაგრამ შეგაიარაღებთ ისეთი ძალით, რომელსაც შემოქმედებითი თავისუფლება და კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება ჰქვია, გაგაცნობთ ისეთ მიდგომებს, რომლებიც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის და კიდევ უფრო მეტი ბიძგი მოგცეთ სიახლეების დასანერგად;

6. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ 400-მდე საგნის ექსპერტიდან, რომლითაც მთელ საქართველოს ვფარავთ, შესაძლოა ყველა არ აკმაყოფილებდეს ისეთ დონეს, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ ჩვენც ვსწავლობთ, ვვითარდებით, თქვენგან ვსწავლობთ და ასე ურთიერთდახმარებით წინ მივდივართ.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს არის მხოლოდ თქვენს მხარდაჭერაზე მიმართული პროექტი. ჩვენი ექსპერტები არ არიან თქვენი მენტორები, რომლებმაც ჭკუა უნდა გასწავლოთ. ვინც ჩართულები ხართ, ამას აუცილებლად იგრძნობდით უკვე, სადღაც იქნება ცალკეული გამონაკლისებიც ალბათ, მაგრამ ჩვენი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კეთილგანწყობილ გარემოს ქმნის თქვენთვის, მათ სწამთ და სჯერათ, რომ კეთილშბილურ საქმეს ემსახურებიან და ეს ნამდვილად გადამდებია. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდის დამოკიდებულება და განწყობა ასეთია: ვეხმარებით ერთმანეთს წინსვლისთვის, სადაც სისუსტეს იგრძნობთ, იქ შემოგეშველებით. არანაირი ფორმალობები, ან ქაღალდზე შესრულებული აქტივობები ჩვენ არ გვჭირდება, არც საჩვენებელი გაკვეთილები. ამიტომ არ გვაქვს ამ პროექტში გაკვეთილზე დასწრება და შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, გუშინდელზე უკეთესი გაკვეთილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ არ იყურებოდეთ საათზე, რომ გაკვეთილის მეორე ან მესამე ფაზა არ გამოგრჩეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შემოქმედებითი თავისუფლება, მნიშვნელოვანია გაყვეთ კლასს; კლასს არა, თითოეულ მოსწავლეს და ამისთვის სწორედ იმდენი დრო დახარჯოთ, რამდენიც დაგჭირდებათ, ისეთი აქტივობები გამოიყენოთ, რომელსაც თქვენი მოსწავლეები ინტერესით გაყვებიან,'' - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა. 

წაიკითხეთ სრულად