Baby Bag

„ვეხმაურები პოპულარულ ფრაზას: „რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები...“- ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„ვეხმაურები პოპულარულ ფრაზას: „რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები...“- ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

TV პალიტრანიუსის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბოლო დროს საზოგადოებაში დევნილების მიმართ გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარებს გამოეხმაურა:

„ვეხმაურები ბოლო დღეებში ძალიან პოპულარულ ფრაზას „რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები.“

ბებიაჩემი გარდაიცვალა, მამაჩემი გარდაიცვალა, მე რომ გარდავიცვლები თუ ჩემ შვილს დევნილის სტატუსი არ ექნება ჩემი გვარიდან აფხაზეთიდან დევნილი არავინ იქნება.

ასე იქნება ყველა აფხაზეთიდან დევნილის შემთხვევაში. აფხაზეთში რომ გვეცხოვრა ჩვენი შვილებიც იქ დაიბადებოდნენ და რა გასაკვირია დევნილების შვილებს დევნილის სტატუსი ჰქონდეთ?!

და თუ დევნილები არ ეყოლება სახელმწიფოს - შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაბრუნებელიც არავინ ეყოლება მთავრობას, რომელიც თავის ნომერ პირველ პრობლემად ოკუპაციას ასახელებს !!!

წლებია სახელმწიფოსგან „იმ 45 ლარიან" დახმარებასაც არ ვიღებ, არც დევნილების კორპუსში ვცხოვრობ,რაც გავთხოვდი, მაგრამ ამ სტატუსს არასდროს მოვიხსნი,მიუხედვად იმისა, რომ ჩემთვის ხშირად დამცირების მომტანია საკუთარ სამშობლოში მისი ტარება. იმიტომ ,რომ ეს ერთადერთია,რაც აფხაზეთიდან დამრჩა, ეს ერთადერთია, რაც სოხუმიდან წამოვიღე.

და კიდევ მავან ჭკუისდამრიგებელთა საყურადღებოდ - 30 წელია ვერ გაგირჩევიათ ლტოლვილი თუ დევნილი!!!

ლტოლვილი ჰქვია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოსახლებულ პირს.

ჩვენ იძულებით ადგილნაცვალი პირები ვართ.

ი ძ უ ლ ე ბ ი თ !!! ამ სიტყვას კარგად გაგება უნდა.

ძალიან მიყვარს თბილისი. ხუთი წლიდან აქ ვცხოვრობ, მთელი ჩემი სამყარო ახლა აქ არის, მაგრამ ხვალ რომ იყოს დაბრუნება არცერთი წუთი არ დავრჩები. ჩემ ბევრი თაობით თბილისელ შვილებთან ერთად დავბრუნდები, ჩემთან, სოხუმში, ჭავჭავაძის 48 ნომერში, ჩემს სახლში.

და კიდევ ერთი დეტალი - ხშირად დევნილებს „ეტენებათ" ყველა მანკიერი ქმედება, ბინების გასხვისება, შენობებში შეჭრა და ა.შ...

აქვე ცნობისთვის ყველა სოციალურად დაუცველი დევნილი არ არის, ისევე როგორც ყველა დევნილი არ არის სოციალურად დაუცველი.

და თუ ვინმე დევნილს ზედმეტი ბინა მისცა ხელისუფლებამ, მიზეზები გაურკვეველ კომისიებში მოიკითხეთ და დასვით კითხვა რატომ!!!

აფხაზეთში ღარიბი არ არსებობდა!!! ყველამ იცის რომ აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადგილობრივთან თუ ახლა, სამ სართულიანი სახლების მაგივრად 36 კვადრატულს გვაძლევს სახელმწიფო (აი ვისაც ეს გშურთ მთელი გულით გისურვებთ,რომ თქვენც დაგჭირდეთ სახელმწიფოსგან 36 კვადრატული).

პ.ს მე ეგეც არ მინდა, ჩემი და ჩემი ქმრის შრომით ვიყიდე უკვე!!!“- აღნიშნავს ეკა წივწივაძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორის რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში - საშინელი რეიტუზების შარვალს შიგნით და გატანებული ხაჭაპურების ჩანთაში“

„ორის რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში - საშინელი რეიტუზების შარვალს შიგნით და გატანებული ხაჭაპურების ჩანთაში“

​„კანტის არ იყოს, ორის რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში - საშინელი რეიტუზების შარვალს შიგნით და გატანებული ხაჭაპურების ჩანთაში, დიდ დასვენებაზე რომ უნდა მეჭამა. ამ ორი მონსტრიდან პირველს ვერაფერს ვუხერხებდი, თორემ მეორეს უკვე დაბარებულივით ელოდნენ ახლო შესახვევში მცხოვრები ძაღლები. ეს პირველი კიდევ, რაღა ჭიანჭაველებით სავსე ბუდე ჩაგიცვამს და რაღა ეგ. ცალკე მისი დაუნდობელი რეზინი გიჭერს და ცალკე კიდევ ბრაზი ყელში - რადგან ზუსტად იცი, რომელიმე კლასელი აუცილებლად გეტყვის - აბა, შარვალი წამოიწიე! ამას რომ მოყვება, ის შეგრძნება ისეთი სასტიკია - ჩემი დიდი ბაბუა, ყაისარა უფრო ადვილად წამოიწევა ნატანების სასაფლაოდან, ვიდრე შარვალი. და შარვალი რჩება ადგილზე, რასაც ეგებება სიტყვები : ,, ფუ, რეიტუზი გაცვია!" თუმცა, ასე სჯობს დანახვას. ასე უფრო ადვილია. რადგან, როგორც ბიბლიაში წერია: "უკუეთუ არა ვიხილო, არასადა მრწმენეს".

არის ბავშვობის ავი ამბები, რომელიც თითქოს მხოლოდ იქ რჩება - აბა, ახლა ვის აინტერსებს, რეიტუზი გაცვია შარვლის შიგნით თუ მართლა ჭიანჭველის ბუდე - იქ რჩება, მაგრამ იზრდები და მაინც გტკივა.

ჩვენ, რეიტუზების თაობამ, ეს ტკვილი ყველაზე ცხადად ვიცით და ვცნობთ.“


ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე ​

წაიკითხეთ სრულად