Baby Bag

„ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ...“ - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი

„ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ...“ - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი

„​უღრმესი მადლობა, ჩემო გულშემატკივრებო. ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის.


ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას.


ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.


მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი. მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.


ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე.


მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას.


ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება.


კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!!


ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!“

ამის შესახებ „მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ფინალისტმა ლადო აფხაზავამ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​Another Brick in The Wall

​Another Brick in The Wall

დიდი ხანი ვფიქრობდი იმ დღეზე, როდესაც სკოლაში პირველ გაკვეთილს ჩავატარებდი მასწავლებლის ამპლუაში. ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ვოცნებობდი, თუმცა სურვილი მქონდა. სურვილი ძალიან დიდი იყო.

ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ნერვიულობაც კი ვერ მოვასწარი. რამდენიმე წლის წინ რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, ალბათ ძალიან ბევრჯერ აძგერდებოდა ჩემი გული კლასში შესვლამდე და ბევრჯერ დავღვრიდი ოფლს უჩუმრად. ამჯერად კი, ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი ძალიან მშვიდად მოხდა და ორშაბათ დღეს, ცხრას რომ ხუთი წუთი აკლდა, ახალგაზრდა მასწავლებელმა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ხუთი გაკვეთილი ჰქონდა ჩატარებული და ისიც არაფორმალურად, სკოლის მძიმე კარები შევაღე.

არ მახსოვს. რა თქმა უნდა, არ მახსოვს პირველი გაკვეთილი რომელ კლასთან მქონდა. ჩემს გონებას მსგავსი რაღაცების დამახსოვრება უბრალოდ არ შეუძლია. ახლა ამას რაციონალური ახსნა რომ მოვუძებნო, იმ თითოეულ კლასს, რომელსაც პირველ კვირაში შევხვდი, თავისებური „პირველად შეხვედრის ბედნიერების სუნი“ ასდიოდა და რა კრიტერიუმებით უნდა გამომერჩია და დამემახსოვრებინა რომელიმე მათგანი?! ჰო, არც ისე რაციონალური ახსნა გამომივიდა.

რა თქმა უნდა, ბანალურად, საკუთარი თავის გაცნობით დავიწყე ყველგან პირველი გაკვეთილი. არც კი გავკადნიერდები, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოჩეკილმა მასწავლებელმა რჩევების დარიგება დავიწყო, მაგრამ პირველი, რაც თქვენს მოსწავლეებთან უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მათ „ნამდვილი მე“ გააცნოთ და არა ის ადამიანი, რომელიც თქვენში მასწავლებლობის ნიღბით ცხოვრობს. ორსახა ღმერთები არ სჭირდებათ მოსწავლეებს.

არ ვიცი, მათში რა გრძნობების აღძვრა მოვახერხე ან საერთოდ, მოვახერხე კი რამე ამ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ რისი თქმაც დარწმუნებით შემიძლია არის ის, რომ თუკი თქვენი საუბრისას, ერთმა მოსწავლემ მეორეს ბედნიერი სახით რაღაც გადაულაპარაკა, ეს იმას ნამდვილად ნიშნავს, რომ მათ „ბაბლში“ მიღებული ხართ, მით უმეტეს, თუ ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჰარი პოტერზე, ანიმეებზე და საყვარელ საფეხბურთო კლუბზე საუბრობთ.

დიდებთან გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. ახლა მახსენდება, რომ შიში პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც კლასში პატარა ადამიანებთან ერთად აღმოვჩნდი და მე გეგმაც კი არ მქონდა, თუ მათთვის რა და როგორ ამეხსნა. ასეთ დროს საჭირო სიტყვების მოძებნა ძალიან ჭირს და რამდენიმე წამით ლაშა ბუღაძის პერსონაჟს, ნუციკოს დავემსგავსე, სარკე რომ სჭირდებოდა გულში ჩარჩენილი სიტყვების გარეთ გამოსაშვებად.

საბოლოოდ, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. იმდენად იდეალურად, რომ პირველი დღის დასასრულს უკვე მქონდა პირველი საჩუქარი ჩემი საკუთარი მოსწავლისგან, ნახატზე გამოსახული ცუგა და შავი რაში იმის ნიშნად, რომ იმ ადამიანებზე, „რომლებიც მოვიშინაურეთ, ვალდებული ვართ ვიზრუნოთ“.

ხშირად წარმომიდგენია, თუ როგორი იქნებოდა ჩემი გაკვეთილები. მქონდა ძალიან უტოპიური იდეებიც, რომლებსაც ალბათ განხორციელება არ უწერია და მქონდა გონივრული აზრებიც. ერთ-ერთი მათგანი ჩემი საყვარელი ჯგუფის ერთ კონკრეტულ სიმღერას ეხება, რომლის მელოდიაც, ალბათ, უცნობი არავისთვისაა.

„Another Brick in The Wall“ პინკ ფლოიდის 1979 წელს გამოსული ალბომის „The Wall“-ის სავიზიტო ბარათია. არ მეგულება ჩემს სანაცნობო წრეში ერთი ადამიანიც კი, რომელმაც როჯერ უოთერსის ეს შესანიშნავი სიმღერა ან არ იცოდეს ან გაგონილი/მოსმენილი არ ჰქონდეს. მუსიკალური ნაწარმოები განათლების სისტემას და სისტემაში არსებულ პრობლემებს ეხება. 1982 წელს სიმღერის მიხედვით კლიპი გადაიღეს. კლიპის კადრებში ასახულია სასკოლო გარემო: მასწავლებლები, ერთნაირად მკაცრი და მოღუშული სახით და მოსწავლეები, რომლებიც აგურით ნაშენები კედლისკენ მიემართებიან და კედლის მეორე მხრიდან ერთნაირ თარგზე მოჭრილი ნიღბებით გამოდიან. კლიპი ორნაწილიანია და მეორე ნაწილში ერთი მოსწავლის ფიქრებში ვტრიალებთ, რომლის ოცნებაც ამ კედლის დამსხვრევა და მის ოცნებაში ეს ოცნება სრულდება.

სიმღერის ტექსტი მოწოდებებითაა სავსე. ჯგუფის გამოცდილი მსმენელებისთვის უცხო ნამდვილად არ იქნება იმის განმარტება, თუ რისი თქმა უნდოდა ამ ტექსტით როჯერს. უოთერსს, რომელიც მრავალფეროვანი და ღრმა ცოდნით იწონებდა თავს, სასტიკად სძულდა განათლების სისტემის ტოტალიტარული მოდელი და ამას საკუთარი გამოცდილებით ხსნიდა. ის რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნავდა კიდეც, რომ სკოლა იყო ის ადგილი, რომელიც ეზიზღებოდა, რადგან მათზე მასწავლებლები ძალადობდნენ და რეჟიმი, რომელიც სკოლაში ბატონობდა, რეპრესიული იყო.

მსგავსი კედელი თანამედროვე ქართული განათლების სისტემისთვისაც ნაცნობია და სწორედ ამ კედლის დანგრევას შევეცდებით ერთად მე და ჩემი მოსწავლეები, რადგან არ არსებობს კედელი, რომელსაც ოდესღაც ერთი, პაწაწინა ბზარი რომ არ გაუჩნდეს.

კედლის, რომელიც ტყვეობასა და თავისუფლებას, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის შენდება; კედლის, რომლის ერთ მხარეს მოსწავლეები არსებობენ, ხოლო მეორე მხარეს ცხოვრება მათგან დამოუკიდებლად მიედინება და მათ შორის კავშირი არ არსებობს. კედლის, რომელიც გვაიძულებს კიდევ ერთი, მორიგი აგური ვიყოთ მასში და დარჩენილი ცხოვრება ნიღბებჩამოფარებულებმა ვიაროთ.

ამ ამბის დასაწყისი კი შემდეგნაირი უნდა იყოს - თითოეული კლასიდან უნდა ისმოდეს როჯერ უოთერსის ხმა, ხმა, რომელიც ფიქრს გვაიძულებს. ფიქრს იმ დამანგრეველ ძალაზე, რომელსაც ერთიანობა, სოლიდარობა და პროტესტი აერთიანებს.

და დასასრული?

დასასრულს კედელი ინგრევა.

ზუსტად ისე, როგორც თითოეული იმ მოსწავლის ოცნებაში, რომლებიც კედლის მეორე მხარეს არიან და სისტემა განვითრების საშუალებას არ აძლევს.

როგორც ვთქვი, მე უნდა ვიზრუნო იმ ადამიანებზე, რომლებიც მოვიშინაურე და თქვენ თუ ზრუნავთ მათზე? 

მარიამ მაშა გვარამია

წაიკითხეთ სრულად