Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გოგოა თუ ბიჭია, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ... ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება,“- ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მუცლადმყოფ ბავშვთან მშობლების ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვს მუცელში ესაუბრები, სულ გამოხატავ, რომ შენ ის გიყვარს, რომ მასზე ზრუნავ, საუბრობთ, როგორ იყოს ის დაცული, როგორ ელოდებით სიხარულით. ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ, გოგოა თუ ბიჭია. ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება. ამ დროიდან განიცდის ადამიანი. როდის, როგორ გამოიხატება შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ეს არ ვიცით, ფსიქოლოგიურად მერე ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს.

მუცლადყოფნის პერიოდიდან დედა-შვილის, მამა-შვილის ურთიერთობის ჰარმონიას, ოჯახში სიტუაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. სადაც აყალმაყალია, ჩხუბია, იქ ბავშვი ყოველთვის დათრგუნულია. განვითარების პრობლემებიც კი შეიძლება შეიქმნას, იმიტომ, რომ შეშინებულია შიგნიდან ეს ადამიანი. ის ყოველთვის დაძაბულია. ბავშვი არის საოცარი ქმნილება. მუცლადყოფნის პერიოდის ბავშვობაც არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გაჩენის შემდეგ ბავშვობა,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად