Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არის თუ არა ადამიანის ფსიქიკური პრობლემები დედის ბრალი?“ - ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე

„არის თუ არა ადამიანის ფსიქიკური პრობლემები დედის ბრალი?“ - ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა სალომე ფანჯიკიძემ ბავშვის ჩამოყალიბებასა და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მშობლის გავლენის შესახებ ისაუბრა:

„დღევანდელ დღეს არამხოლოდ დედის როლია მთავარი, რა თქმა უნდა, მამის როლიც ძალიან გამოკვეთილია. ჩვენ ყველა მოვდივართ ჩვენი ბავშვობიდან. არის ბევრი რამ, რაც გვახსენდება, რასაც მოუხდენია ჩვენზე გავლენა. ჩვენ პიროვნებები ვდგებით ჩვენი გამოცდილებით. მშობლებთან ურთიერთობას აქვს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს გარემოა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ვყალიბდებით ან ასეთ, ან ისეთ ადამიანებად. ბოლოს შეიძლება აღმოვჩნდეთ კრიზისში და მოდის ფიქრები: „ეს იმის ბრალია, რომ დედას ასე მითხრა, ეს იმის ბრალია, რომ მამა ისე იქცეოდა.“ აქედან გამომდინარე ბოლოს ვკარგავთ ჩვენს თავს, აღარ ვიცით რა ვართ, რისგან შევიქმენით, მხოლოდ სხვები წყვეტენ, თუ ჩვენც ვართ რაღაც. ადამიანები როდესაც ხვდებიან ჩემთან, არის ზუსტად ეს მომენტები, რომ ყველაფერი თითქოს სხვისი ბრალია. ისინი ვერ პოულობენ თავიანთ თავს. თავიანთ პასუხისმგებლობას ქცევებში, გადაწყვეტილებებში. თერაპია ზუსტად აქეთკენ მიდის, რომ ის, რაც ბავშვობაში გამოგვიცდია, იმ მდგომარეობასა და ჩვენს ამ მდგომარეობას შორის გავაბათ სწორი ხაზები. შეიძლება თქვენ გეუბნებოდნენ სახლში, რომ უნდა იყოთ კარგი მოსწავლე,“ პასუხისმგებლობას გკიდებდნენ, ამ რუტინამ, ყოველდღიურობამ ჩამოგიყალიბათ ყოველდღიური მიმართებები სამყაროსთან.“

„პირველი რჩევა, რასაც მივცემდი მშობლებს არის ის, რომ ფსიქოლოგის არსებობა გამოვიყენოთ ადეკვატურად. ფსიქოლოგი არ არის ის ადამიანი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევებში უნდა მიმართოთ მხოლოდ. შეიძლება, ვერ ვუგებთ ჩვენს შვილს, მივმართოთ რჩევისთვის ფსიქოლოგს, გავარკვიოთ, არის თუ არა რაღაც ქცევები ნორმაში. როდესაც ვლაპარაკობთ შვილებზე და გვგონია, რომ მათ პრობლემები აქვთ, უნდა გადავხედოთ ჩვენს თავებს. ჩვენ ხომ არ გვაქვს რაღაც პრობლემები?! ხომ არ ვართ შეშინებულები, ყველაფერი ხომ არ გვაშინებს, ხომ არ ვაიძულებთ შვილებს სამყარო აღიქვან საშიშად? ხომ არ ვართ იმპერატიულები, ვთხოვთ ბავშვებს შეასრულონ ყველაფერი, რაც ჩვენს სურვილებს აკმაყოფილებს და მათი სურვილის საწინააღმდეგოა. ხომ არ ვართ ზედმეტად დეპრესიულები და ამას გადავდებთ ჩვენს შვილს?! ჩვენ როდესაც მოვიპატიჟეთ შვილები ამ სამყაროში, მათ არ იცოდნენ არაფერი. ჩვენ ვაძლევთ ამ გამოცდილებას შვილებს,“- აღნიშნულ საკითხზე სალომე ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად