Baby Bag

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზმა სერაფიმე დანელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შესახებ ისაუბრა:

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს...

პირველ დღეებში თითქოს ოკეანის ფსკერზე გულაღმა წევხარ თვალებღია და გახევებული, ირგვლივ კი სიბნელეა და უსაშინლესი დუმილი...

შენს წინ თანაგრძნობით აღბეჭდილი სახეები კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან, გისამძიმრებენ, შენც პასუხობ, ოღონდ ფსკერიდან...

გადიან დღეები, დასაფლავება... ხალხის გასტუმრება... დადიხარ, საუბრობ, ლოცულობ, მაგრამ მაინც ფსკერიდან...

მერე ნელა-ნელა იწყებ სახეების გარჩევას და ხედავ სიმარტოვეში და სიჩუმეში მობუზულ საკუთარ შვილებს, შენს დანახვაზე შემკრთალ სახეებს და ძალისძალად იწყებ გამოფხიზლებას...

ო, რა ძნელია ეს გამოფხიზლება და რა რთული პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ სხვა ვერ უპასუხებს შენს გარდა...

და სადღაც შორს, უსაშველოდ შორს პოულობ სინათლის სხივს, რომელსაც მთელი ძალებით ებღაუჭები და რომელსაც ამოყავხარ ფსკერიდან ზედაპირზე...

,,- დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!

ჩემი შვილი, ხომ შენი შვილიცაა,

მე თუ მიყვარს, შენ ხომ უფრო გიყვარს, რომელმაც შეჰქმენ სიყვარული...

მე თუ მისთვის კარგი მინდა, შენ ხომ უმჯობესი გინდა მისთვის!

შენ ხომ შენი ძე მხოლოდშობილი მომეცი მე, მაშ მიიღე ჩემი შვილიც შენ, როგორც წმიდა შესაწირავი...

საშინელი იყო ჩვენი დაშორება, მაგრამ მჯერა, უფრო დიდი იქნება სიხარული ჩვენი შეხვედრისა!

ამიტომ დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთადერთი, რაც მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ძალიან სწრაფად დააპატარავებს იქამდე, რომ არ დარჩეს მუცელი, არის ძუძუთი კვება,“- მეან-გინეკოლოგი ვერიკო ბაზიარი

„ერთადერთი, რაც მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ძალიან სწრაფად დააპატარავებს იქამდე, რომ არ დარჩეს მუცელი, არის ძუძუთი კვება,“- მეან-გინეკოლოგი ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ბუნებრივ ფორმაში ჩადგომისთვის საუკეთესო საშუალება დაასახელა:

„ქალს აინტერესებს გარეგნობა, აინტერესებს ფორმა, სილამაზე, მუცელი არ დარჩეს, მკერდის ფორმა არ შეიცვალოს. ათასნაირი ჩასაცმელია მშობიარობის შემდეგ, რომ შეიკრან და გამოიკრან. მუცლის ღრუს ისეთ ნაწილშია საშვილოსნო, რომ გარედან ვერაფრით ვერ გაუწევ მას ზეწოლას, ვერ შეიკრავ და ვერც დააპატარავებ. ერთადერთი, რაც საშვილოსნოს ბუნებრივ, მშობიარობამდელ მდგომარეობაში მიიყვანს, თან ძალიან სწრაფად, დააპატარავებს იქამდე, რომ არ დარჩეს მუცელი, იყოს აბსოლუტურად იდეალურ ფორმაში, არის ძუძუთი კვება. ბავშვის თითოეული მოწოვის დროს, გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც კრავს საშვილოსნოს, იკუმშება, ძალიან სწრაფად ჩადის მენჯის ღრუში და მუცელიც ქრება. მე მივესალმები იმას, რომ ქალი იყოს კარგ ფორმაში. ორსულობა და მშობიარობა არ ნიშნავს იმას, რომ ქალი 500 კილო გახდეს და მოიფლაშოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ განწყობილებას.

ექიმის პროფესია ძალიან ასოცირებულია ფსიქოლოგის პროფესიასთან. როდესაც ორსულს ელაპარაკები, შენს წინ ორი ვარიანტია: ან ზის დედა, ან ზის ქალი. თუ ქალთან საუბრობ, მისი გარეგნობა, სილამაზე, ფორმაში ყოფნა, აქ რა სჭირდება, მას უნდა მიაწოდო ეს ინფორმაცია. ძუძუთი კვებას ძალიან დიდი ბონუსი აქვს, როგორც ქალისთვის, ასევე ბავშვისთვის . პირველ ბავშვზე ქალი ძალიან სწრაფად შედის დედის ფუნქციაში. მამაკაცებს უჭირთ. ისინი უფრო ეგოისტები ხდებიან, იმიტომ, რომ ქალის ყურადღება გადადის ბავშვზე. მეორე ბავშვზე უკვე მამად ყალიბდებიან,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად