Baby Bag

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზმა სერაფიმე დანელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შესახებ ისაუბრა:

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს...

პირველ დღეებში თითქოს ოკეანის ფსკერზე გულაღმა წევხარ თვალებღია და გახევებული, ირგვლივ კი სიბნელეა და უსაშინლესი დუმილი...

შენს წინ თანაგრძნობით აღბეჭდილი სახეები კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან, გისამძიმრებენ, შენც პასუხობ, ოღონდ ფსკერიდან...

გადიან დღეები, დასაფლავება... ხალხის გასტუმრება... დადიხარ, საუბრობ, ლოცულობ, მაგრამ მაინც ფსკერიდან...

მერე ნელა-ნელა იწყებ სახეების გარჩევას და ხედავ სიმარტოვეში და სიჩუმეში მობუზულ საკუთარ შვილებს, შენს დანახვაზე შემკრთალ სახეებს და ძალისძალად იწყებ გამოფხიზლებას...

ო, რა ძნელია ეს გამოფხიზლება და რა რთული პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ სხვა ვერ უპასუხებს შენს გარდა...

და სადღაც შორს, უსაშველოდ შორს პოულობ სინათლის სხივს, რომელსაც მთელი ძალებით ებღაუჭები და რომელსაც ამოყავხარ ფსკერიდან ზედაპირზე...

,,- დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!

ჩემი შვილი, ხომ შენი შვილიცაა,

მე თუ მიყვარს, შენ ხომ უფრო გიყვარს, რომელმაც შეჰქმენ სიყვარული...

მე თუ მისთვის კარგი მინდა, შენ ხომ უმჯობესი გინდა მისთვის!

შენ ხომ შენი ძე მხოლოდშობილი მომეცი მე, მაშ მიიღე ჩემი შვილიც შენ, როგორც წმიდა შესაწირავი...

საშინელი იყო ჩვენი დაშორება, მაგრამ მჯერა, უფრო დიდი იქნება სიხარული ჩვენი შეხვედრისა!

ამიტომ დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძირითადად, ქალს ბრალდება, როდესაც ნაყოფი მამრობითი სქესის არ არის. ამ დროს ქალი არაფერ შუაშია, ბავშვის სქესი მხოლოდ მამაკაცზეა დამოკიდებული,“ - გენეტიკოსი მაკა ჭიპაშვილი

გენეტიკოსმა მაკა ჭიპაშვილმა „სხვა შუადღეში“ იმ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებსა და მოსაზრებებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებაში ნაყოფის სქესთან დაკავშირებით არსებობს:

„ბავშვის სქესი მხოლოდ მამაკაცზეა დამოკიდებული. როდესაც ეს კითხვა დამისვით, გამეღიმა კიდეც. ძირითადად, ქალს ბრალდება, როდესაც ნაყოფი მამრობითი სქესის არ არის. ამ დროს ქალი არაფერ შუაშია. ჩვენ გვაქვს 2 X ქრომოსომა და სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მამაკაცებს აქვთ X და Y, შესაბამისად რომელი ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდიც გაანაყოფიერებს ჩვენს უალტერნატივო რიგს, იქიდან გამომდინარე სქესიც ყალიბდება, ასე რომ ნაკლები დანაშაული ქალებს და მეტი მამაკაცებს. თუმცა მათაც არ შეუძლიათ რაიმეს რეგულირება, რასაკვირველია.

„ფრაზა „ბიჭი ვერ გავუჩინე“ ადრე უფრო ხშირად გვესმოდა. ახლა მსგავსი შინაარსის საუბრებმა ნელ-ნელა იკლო. დღეს ბევრი პათოლოგია არსებობს, უშვილობის პრობლემაც წამოიჭრა, შესაბამისად, მსგავსი ფრაზები ბევრად ნაკლებად გვესმის. დღეს სელექციური აბორტიც აკრძალულია და ამ რიცხვმაც მნიშვნელოვნად იკლო. ექოსკოპისტსაც გარკვეულ ვადამდე არ აქვს სქესის თქმის უფლება,“ - აღნიშნა მაკა ჭიპაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად