Baby Bag

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზმა სერაფიმე დანელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შესახებ ისაუბრა:

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს...

პირველ დღეებში თითქოს ოკეანის ფსკერზე გულაღმა წევხარ თვალებღია და გახევებული, ირგვლივ კი სიბნელეა და უსაშინლესი დუმილი...

შენს წინ თანაგრძნობით აღბეჭდილი სახეები კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან, გისამძიმრებენ, შენც პასუხობ, ოღონდ ფსკერიდან...

გადიან დღეები, დასაფლავება... ხალხის გასტუმრება... დადიხარ, საუბრობ, ლოცულობ, მაგრამ მაინც ფსკერიდან...

მერე ნელა-ნელა იწყებ სახეების გარჩევას და ხედავ სიმარტოვეში და სიჩუმეში მობუზულ საკუთარ შვილებს, შენს დანახვაზე შემკრთალ სახეებს და ძალისძალად იწყებ გამოფხიზლებას...

ო, რა ძნელია ეს გამოფხიზლება და რა რთული პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ სხვა ვერ უპასუხებს შენს გარდა...

და სადღაც შორს, უსაშველოდ შორს პოულობ სინათლის სხივს, რომელსაც მთელი ძალებით ებღაუჭები და რომელსაც ამოყავხარ ფსკერიდან ზედაპირზე...

,,- დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!

ჩემი შვილი, ხომ შენი შვილიცაა,

მე თუ მიყვარს, შენ ხომ უფრო გიყვარს, რომელმაც შეჰქმენ სიყვარული...

მე თუ მისთვის კარგი მინდა, შენ ხომ უმჯობესი გინდა მისთვის!

შენ ხომ შენი ძე მხოლოდშობილი მომეცი მე, მაშ მიიღე ჩემი შვილიც შენ, როგორც წმიდა შესაწირავი...

საშინელი იყო ჩვენი დაშორება, მაგრამ მჯერა, უფრო დიდი იქნება სიხარული ჩვენი შეხვედრისა!

ამიტომ დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!"

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედობამ შემცვალა, ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა,“ - სოფო ნიჟარაძე დედობის გამოცდილებაზე საუბრობს

„დედობამ შემცვალა, ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა,“ - სოფო ნიჟარაძე დედობის გამოცდილებაზე საუბრობს

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მის ცხოვრებაში შვილმა შემოიტანა. სოფო ნიჟარაძის თქმით, ის სრულფასოვნად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში და ახალი ემოციებით არის სავსე:

„ისეთი სხვა ცხოვრება მქონდა. ბავშვი... სულ სხვა ემოციები მქონდა.​ სრულიად უცბად დედა გავხდი. დედა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფრით. მე ვიყავი ყველაფერი. რა თქმა უნდა, დედაჩემი ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი. ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული.“

„რა თქმა უნდა, დედობამ შემცვალა, როგორც ადამიანიც, როგორც არტისტიც. ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა. სხვა განწყობაა. აუხსნელია ზუსტი სიტყვებით, რაში აქვს ეს, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში დედობა და ეს, რა თქმა უნდა, აისახება,“ - აღნიშნულ საკითხზე სოფო ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად