Baby Bag

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დედების ამაგთან დაკავშირებით საუბრობს და მათ გმირებს უწოდებს. გთავაზობთ ფოტოგრაფის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა. 

​​
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.

ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.

გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა. 

შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.

ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.

ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.

თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.

და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა. 

დედები არიან გმირები."

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სურათებიანი წიგნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაა... ის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის,“- მწერალი მაკა ლგოკონენი

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სურათებიანი წიგნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაა... ის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის,“- მწერალი მაკა ლგოკონენი

მწერალმა მაკა ლდოკონენმა ბავშვისთვის წიგნის შეყვარების მეთოდებსა და მიდგომებზე ისაუბრა:

„წიგნთან დამეგობრებას ასაკი არ აქვს. ადრეული ასაკიდანვე ბავშვის გარემოცვაში უნდა არსებობდეს წიგნი, რომ ეს მისთვის არ იყოს უცხო ხილი. თავიდანვე იწყება წიგნის გაცნობა. არის ისეთი წიგნები, რომლის ფურცლებსაც ბავშვი ვერ დახევს. ბავშვის გარემოში სათამაშოებთან ერთად წიგნების არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მარტივი ხერხით ვუყალიბებთ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მას აქცევს დიდებულ მკითხველად.

შემდეგ შემოდის ჩემთვის ძალიან საყვარელი პერიოდი, როდესაც ბავშვისთვის ვკითხულობთ სურათებიან წიგნებს. სამწუხაროდ, სკეპტიკური დამოკიდებულებაა ჩვენს ქვეყანაში სურათებიანი წიგნების მიმართ. მშობელი ერიდება ისეთი წიგნების ყიდვას, სადაც მეტი ილუსტრაციაა და ნაკლები ტექსტი, არადა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და მშობლისთვის. რატომ? ყალიბდება ძალიან კარგია დუეტი, მშობელი-შვილი. მშობელი დებს მთელ თავის შემოქმედებას, აღწერს სურათს. სურათებიანი წიგნი ბავშვს აჩვევს ქვეტექსტების დანახვას. ამ წიგნებში ილუსტრაციას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ბავშვი, რომელიც პატარაობიდანვე სურათებიან წიგნს „კითხულობს,“ როდესაც მკითხველად ყალიბდება, მას შეუძლია ქვეტექსტების წაკითხვა. გარდა ამისა, ბავშვს ვუკითხავთ და ისიც გვბაძავს. ახლო კონტაქტია ბავშვთან. ვეუბნებით: „ახლა გადაშალე.“ თანამონაწილეს ვხდით მას ამ კითხვის.მერე უკვე იწყება ის წიგნები, რომლებსაც ვყიდულობთ ხოლმე,“- აღნიშნულ საკითხზე მაკა ლდოკონენმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად