Baby Bag

„ნუ დაამცირებთ თქვენს შვილებს, ნურც პატარაობისას და ნურც დიდობაში, დაბადებიდანვე პიროვნებად აღიქვით, სიყვარულის და ადამიანობის მაგალითი მიეცით“

„ნუ დაამცირებთ თქვენს შვილებს, ნურც პატარაობისას და ნურც დიდობაში, დაბადებიდანვე პიროვნებად აღიქვით, სიყვარულის და ადამიანობის მაგალითი მიეცით“

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემას ​ეხმიანება. იგი სოციალურ ქსელში ნამდვილ ამბავს წერს, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ გადახდა თავს. 

გთავაზობთ მის ჩანაწერს სიტვა-სიტყვით:

ამას წინათ, ერთ სოფელში (სახელწოდებას განზრახ არ ვამბობ) მოვხვდი პირად საქმეზე. მასპინძლის მეზობლად ოჯახური სუფრა იყო საკარმიდამო ეზოში და როგორც კი შემნიშნეს, რომ თბილისიდან ვიყავი, მაშინვე გადამიპატიჟეს. გაღიმებული და უაღრესად კეთილგანწყობილი გადავედი სუფრაზე, ყველას გულთბილად მივესალმე და დავჯექი. მოვიკითხე ოჯახი და გავეცანი. იქვე ბავშვები დარბოდნენ, დავუძახე (ორი გოგო და ერთი ბიჭი იყო, იქნებოდნენ ასე (7-8-9) წლისები დაახლოებით. მოვეფერე და უცებ ყველაზე პატარა და რაღაცნაირად, აი გულისამაჩუყებლად მორცხვი და სევდიანი ბიჭუნა მეუბნება:

- აუ, ნაყინს ვერ მიყიდი?
- კი, როგორ არა, მოდი ფულს მოგცემ (10 ლარიანი მქონდა და სიხარულით მივეცი, რაღაცნაირად გული ამევსო და მესიამოვნა კიდეც, რომ მთხოვა) და ჩუმად იყიდე, იმათაც მოუტანე, კაი?
- კაი, მადლობა!

მეგონა ეს საუბარი ჩვენ შორის დაბალ ხმაზე გაიმართა, ისე, რომ თითქოს ვერც შეგვამჩნია ვერავინ, მაგრამ უცებ სუფრიდან წამოხტა ვიღაც კაცი (მასპინძელთაგანი) და იმ ბავშვს რაღაც საშინელი აგრესიით დაუღრიალა:
- "მოდი აქ შე ნაბიჭვარო! სად მიეთრევი, მოიტა აქ ეგ ფული შენი დედა... ამას უყურე ამ ახვარს!"

ძალიან ცუდად გავხდი, სული ჩამწყდა... პატარა ბიჭს გავხედე და გაფითრებული, მოღუშული, უსუსური და უკიდურესად გულმოკლული იყო, იმ სახეს დღემდე ვერ ვივიწყებ და ვიტანჯები, ყოველ გახსენებაზე... იმ მომენტში თითქოს დრო გაჩერდა, ტანში დამცხა აუტანლობისგან, საცოდაობამ გამამწარა და თავალებში ცრემლები ჩამიგუბდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და იმ ტიპს ხმამაღლა მივმართე:
- რა იყო, მოერიე და ძალა მიჩვენე თუ ბელადი ხარ ოჯახში? ბავშვს როგორ ელაპარაკები, არ გრცხვენია? ღმერთის არ გრწამს?

-ღმერთი რა შუაშია ძმაო, მამა ვარ და როგორც მინდა ისე დაველაპარაკები!
- ბოდიში, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე შემეცოდა ყველა უშვილო და ბუნებით კეთილშობილი, თბილი ადამიანი, შენ კი შვილი გყავს და როგორ ექცევი? არ გეწყინოს ძმაო, ჭკუას არ გარიგებ, მაგრამ ფშაურად გეტყვი, რომ უპატივცემულოდ საკუთარ კაცობას და ღირსებას მოექეცი, მერე ჩვენებურ ტრადიციას და შეგნებას. შენს ადგილზე პატიებას ვთხოვდი! ეხლა ისღა დამრჩენია მანდილოსნებთან ბოდიში მე მოვიხადო და წავიდე, იცოდე, რომ გული მომიკალი ვიღაცა ხარ!..

ხმა აღარ ამოუღია, დავტუქსე ისე, რომ რაღაც საოცარ ძალას ვგრძნობდი, არც შემშინებია და არც რიდი მქონია, კორექტულად მაგრამ ხისტად ავუხსენი, რომ მამობის პატივს არ აფასებდა, ბავშვს ჩაგრავდა და ტრავმას აყენებდა. არასდროს კაცი არ მიცემია, მარა რამე, რომ ეთქვა უეჭველად მაგრად დავარტყავდი კიდეც!

წამოსვლისას პატარა დათოსთან მივედი და გულში ჩავიკარი საბრალო. იმ წუთას მინდოდა მეშვილა, ამის უფლება, რომ მქონოდა...

ეს მცირე ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ დღემდე ვდარდობ ამ ტრაგიზმს და მას შემდეგ არ გასულა ღამე, რომ არ მეფიქრა იმ ბავშვზე და პოტენციურად კიდევ ყველა უპატრონო ოჯახსა და ძალადობის ქვეშ მყოფ პატარაზე, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე ღირსებას ულახავენ, ეუზრდელებიან, ფსიქიკას უმახინჯებენ და არაადამიანურად ეპყრობიან...

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ნურასოდეს დაკომპლექსდებით და გავეშდებით ქაჯური სიამაყისგან, ნუ დაამცირებთ თქვენს შვილებს, ნურც პატარაობისას და ნურც დიდობაში და დაბადებიდანვე პიროვნებად აღიქვით, სიყვარულის და ადამიანობის მაგალითი მიეცით, პატივისცემა ასწავლეთ საქმით და არ მოერიოთ...

მანადგურებს იმაზე ფიქრი, რომ სადღაც ბავშვი შიშისგან ტირის, ღარიბია, მარტოსული და დაჩაგრული. ასეთი ბავშვები ალბათ პირდაპირ სასუფევლის მოქალაქეები არიან აქედანვე, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი აქვთ...

უფალმა დალოცოს და უპატრონოს ყველა პატარას მთელს მსოფლიოში!

გემუდარებით:
მოეფერეთ! - ნუ დაჩაგრავთ!
ამხიარულეთ! - ნუ ატირებთ!
ემსახურეთ! - ნუ დაიმონებთ!
ემეგობრეთ! - ნუ ეუფროსებით!“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები ჩემს ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები ჩემს  ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვის პიროვნული სივრცის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანია:

„მე ძალიან გამიმართლა, რომ ​ჩემი მშობლები ჩემს და საერთოდ შვილების ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ. ამით ისინი იცავდნენ ჩვენს პიროვნულ სივრცეს. ჩვენც ვიცოდით, რომ არ უნდა გაგვეჩხრიკა მათი უჯრა, ასევე არ უნდა შევსულიყავით დაკაკუნების გარეშე. ეს შენს გულში აჩენს ამ საზღვრების დაცვის ეთიკას.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქართველებს ერთმანეთის ინტიმურ სივრცეში შეჭრა ახასიათებთ:

„თუ დაკვირვებიხართ, ბანკომატთან რომ დგახარ, ხანდახან კისერში გრძნობ უკან მდგომი ადამიანის სუნთქვას. ეს არის პრაქტიკულად ინტიმურ სივრცეში შემოსვლა. ის ადამიანი აბსოლუტურად არ გრძნობს უხერხულობას, რომ გაიწიოს, დაგაცადოს რაღაც. ევროპაში ეს წარმოუდგენელია. იქ ერთი მეტრის მანძილზე მაინც არის დისტანცია, რომ შენ მოგეცეს სუნთქვის საშუალება. ამით იწყება ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემა.“

„ასევეა პედაგოგის მოსწავლესთან ურთიერთობაც, რისი თქმის უფლება აქვს მას და რისი - არა. ეს ზრდის თავისუფალ ადამიანს. თუკი ​ჩვენ ყველაფერზე ბავშვს ვაშინებთ, ყველაფერზე ვეუბნებით, რომ ახლა პოლიციელი მოვა. რა თქმა უნდა, დამფრთხალი ადამიანისგან მერე მოითხოვო, რომ გახდეს ლაღი, ეს თითქმის უტოპიაა, თორემ გადაძლევა ყოველთვის შეიძლება,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად