Baby Bag

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე
„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან, ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით. და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულობოდა იმ დროს - საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იგივე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში - ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად: ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მომხდებოდა. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელ-თბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით - საზაფხულო არდადეგებით.“

გიორგი კეკელიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ქალების კომენტარები ძალადობის ფაქტის შეფასებისას ხშირად უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე კაცების''

,,ქალების კომენტარები ძალადობის ფაქტის შეფასებისას ხშირად უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე კაცების''
ძალადობასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზოთ:

,,ზოგიერთ კაცთან შედარებით კინგ კონგიც კი რა მიმზიდველია, იმიტომ რომ სინაზის განცდის უნარი აქვს და ამხელა ფიზიკური ძალის სიყვარულის ენერგიად გარდაქმნა შეუძლია. კაცი უნდა იყოს აბრეშუმის, მოჰერის, ხავერდის, ანგორისაც გადასარევია. აი, მაგალითად, იმ ქალების შვილებთან სიყვარულის შეგეშინდება, ფბ-ში რომ ილანძღებიან, იწყევლებიან, ადამიანების ცეცხლში დაწვას ითხოვენ. ან იმ მამების შვილებთან, ქალების მიმართ სიძულვილი რომ ეტყობათ. ყველაფერი მშობლების ბრალი არ არის, რათქმაუნდა, შვილოფობია არ დავიმართოთ, მაგრამ დიდი წილია იმ ფუნდამენტის, პირველადად სიყვარული და დანდობა სადაც უნდა ესწავლა ადამიანს. ძალადობას მრავალი ასპექტი აქვს, მაგრამ ამ კუთხიდან იმიტომ ვწერ ახლა, რომ ქალების კომენტარები ძალადობის ფაქტის შეფასებისას ხშირად უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე კაცების. და საერთოდაც, ზოგადადაც, ამ ქვეყანას აკლია დედის ენერგია, დამნდობი, ჩამხუტებელი. ქალის ხელი თითქმის არაფერს ეტყობა და ამიტომაცაა ასე ბლაგვი, ნაცრისფერი და ნატიფი ინტელექტის გარეშე დარჩენილი. შემდეგ ყველაფერში მოჩანს ეს, ქვეყნის დონეზეც და პირადი ურთიერთობებისაც. დედის ენერგია პირდაპირიცაა და ირიბიც. ირიბად ის კაცებში ვლინდება, რომლებმაც სიყვარული იციან და არ გადათელავენ არაფერს ცოცხალს და ძვირფასს. არ იფიქროთ, ქალებს ვადანაშაულებდე, უბრალოდ ქალებს მინდა გააზრება ვთხოვო, - თქვენ ნუ ლანძღავთ მსხვეპრლებს, ამით ვერ გადარჩებით მოძალადისგან, პირიქით, ისევ უკან მოგიბრუნდებათ ის, რასაც უნებურად, ფარული შიშის გამო წაახალისებთ,'' - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე. 


წაიკითხეთ სრულად