Baby Bag

„მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა...“

„მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა...“

სინგაპურის ერთერთი სკოლის დირექტორის მიმართვა მშობლებს: 

„ძვირფასო მშობლებო, მალე თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ. ვიცი, რომ ყველანი ძალიან ნერვიულობთ და განიცდით, ვინაიდან გსურთ, რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ. მაგრამ, გთხოვთ, გახსოვდეთ! მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა; იქნება მეწარმე, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა; მუსიკოსი, რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია; სპორტსმენი, რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკა. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ, მაგრამ, გეთაყვა, თუ ასე არ მოხდება, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას. უთხარით მათ, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ გამოცდაა. ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილი ამქვეყნად. უთხარით მათ, რომ გიყვართ და არ განსჯით, როგორი შეფასებებიც არ უნდა მიიღონ.გთხოვთ, ასე მოიქეცით და მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს. ერთი გამოცდა თუ ცუდი ნიშანი ვერაფერს დააკლებს მათ ნიჭს და ვერ წაართმევს ოცნებას! და, კიდევ, გთხოვთ, ნუ მიიჩნევთ ექიმებსა და ინჟინრებს, როგორც ერთადერთ ბედნიერ ადამიანებს პლანეტაზე. საუკეთესო სურვილებით, სკოლის დირექტორი“.

შეიძლება დაინტერესდეთ

სამხრეთ კორეაში გამოცდა ფეხბურთის სტადიონზე სოციალური დისტანციის დაცვით ჩატარდა

სამხრეთ კორეაში გამოცდა ფეხბურთის სტადიონზე სოციალური დისტანციის დაცვით ჩატარდა

სამხრეთ კორეაში პანდემიის გამო 100-ზე მეტმა სამსახურის მაძიებელმა გამოცდა ფეხბურთის სტადიონზე სოციალური დისტანციის დაცვით დაწერა. საერთაშორისო მედიის ცნობით, აპლიკანტებს შორის დაშორება ხუთი მეტრი იყო. სეულში გამოცდას სულ 139 ადამიანი ესწრებოდა.

ერთ-ერთმა აპლიკანტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოცდაზე ბალახების ყურება საკმაოდ უჩვეულო იყო. გამოცდის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერი ძალიან უცნაურად ეჩვენებოდათ. ზოგიერთები ჰაერის დაბალი ტემპერატურისა და სიცივის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, თუმცა უმრავლესობა იმითაც კმაყოფილი იყო, რომ გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა საერთოდ მიეცა.

დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის თქმით, მას არ სურდა, რომ ახალი თანამშრომლების მიღების პროცესი პანდემიის გამო გადაედო. მან საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ურჩია, რომ მისი კომპანიის მაგალითისთვის მიებაძათ.

სამხრეთ კორეა პანდემიას წარმატებით უმკლავდება, რაც მკაცრი შეზღუდვების გამოყენების ხარჯზე მოხდა. სამხრეთ კორეის მთავრობა მცირე ბიზნესს პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. თავად კომპანიებიც ცდილობენ, რომ სოციალური დისტანციის წესების სრული დაცვით საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. 

მომზადებულია ​Republicworld.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად