Baby Bag

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი.


რატომ? მოგახსენებთ:


კითხვის სწავლების დროს მთავარი ფოკუსი მიმართულია სიტყვის დეკოდირებისკენ. რაც გულისხმობს ცალკეული, შესწავლილი ასოების ჯერ გახსენებას, შემდეგ მარცვლად ქცევას, გამთლიანებას (სინთეზს) და ბოლოს, ამოკითხული ბგერებით სიტყვის გააზრებას, თუ რა წაიკითხა.
რთულია, არა?


რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, რამდენ ოპერაციას ასრულებს ერთი სიტყვის წაკითხვის (გაშიფვრის) დროს ბავშვის ტვინი. 


ამიტომ იძაბებიან ისინი, კითხვის დროს - აქნევენ ფეხებს, სხეულს ამოძრავებენ სხვადასხვა მიმართულებით, სუნთქვა უჩქარდებათ, ძალას ატანენ ნერწყვის ყლაპვას და ა. შ. თითქოს ამით ტვინს აიძულებენ ამ რთული პროცესის დაძლევაში დახმარებას.


ამას დამატებული ჩვენი მკაცრი ტონით ნათქვამი: 


„გააჩერე ფეხები!“ 

„წესიერად დაჯექი და ნუ ცქმუტავ!“

„არ მომწონს, თავიდან!“


ამ დროს ირთვება დაზეპირების მექანიზმი და ბავშვის გონება სწრაფად იმახსოვრებს წინადადების პირველი სიტყვის ლოგოგრაფიულ ხატს. 


წაიკითხავს პირველ სიტყვას ( მისთვის სიმბოლოს) და მაშინვე ჩაარაკრაკებს დანარჩენს. ჩვენ კი კმაყოფილნი იმით, რომ ბავშვმა სხაპასხუპით წაგვიკითხა გაკვეთილი, გვგონია, რომ საქმე გადასარევად გვაქვს და პრობლემას ვერ ვხედავთ.


ახლა წარმოიდგინეთ მოთხრობა, დატვირთული უცხო, ძირითადად აგრარული ლექსიკით, რომელიც ცალკე განმარტებას ითხოვს და ურთულებს პირველკლასელს ტექსტის გააზრებას. 


მეტყვით, რა, არ უნდა იცოდეს ბავშვმა რა არის გუთანი, ჯარა, გობი, თითისტარი?


ცხადია, ეს სიტყვები უნდა ვასწავლოთ, მაგრამ არა პირველკლასელებს, კითხვის სწავლებისას, არამედ მეორე, მესამე კლასში გავუმდიდროთ ლექსიკა ქართული ძარღვიანი სიტყვებითა და გამოთქმებით. ამ დროს, მერწმუნეთ, უფრო ეფექტურიცაა, რადგან 7-8 წლის ასაკის ბავშვი თვითონვე ხვდება კონტექსტში ბევრი სიტყვის მნიშვნელობას. ჩვენი ახსნით კიდევ უფრო გავუმყარებთ ცოდნას.


სიტყვებისა და ფრაზების განმარტება იქით იყოს და ტექსტის ავთენტურობაზეც მოგახსენებთ. ყველასთვის საყვარელ, ერთი შეხედვით, სახალისო „თხა და გიგოზე“ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.


1. „გამოვიდა გიგო სოფლის მოედანზე, ჩამოჯდა კუნძზე“...


თითქოს ყველა სიტყვა ნაცნობია ბავშვებისთვის. მაგრამ ტექსტის კითხვის დროს მასწავლებელმა აუცილებლად უნდა განუმარტოს მოსწავლებს „სოფლის მოედანი“, რომლის მნიშვნელობა თვით სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა აღარ იციან, მგონი. :)ქალაქელებისთვის კი მოედანი ხელოვნურსაფარიან სტადიონთან ასოცირდება. :)


ცხადია, უნდა განუმარტო და ესარის, რომ ამძიმებს ბავშვის აღქმას, რომლის გონებაც სულ სხვა მიმართულებით მუშაობს ამ დროს.


2. „ გამოექანა შორიდან თხა, დაეჯახა რქებით გიგოს...“


და ამ დროს შეწუხებული ბავშვები:


„მაას, სად შეარჭო რქები?“
„თვალში რომ მოხვედროდა?“


ვიცი, რაც გაიფიქრეთ. დიახ, ჩვენც წაგვიკითხეს თავის დროზე და მსგავსი ემოცია არ გამოუწვევია, გავიცინეთ კიდეც, არა? 


ჰოდა, იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ, ახლა რატომ არ ეცინებათ ბავშვებს ამაზე?


3. დაბოლოს, მინდა ფსიქოლოგებს დავუსვა კითხვა:


ნუთუ, გიგოს საქციელში ხედავთ ასაკისთვის შეუფერებელ ქმედებას? 6 წლის ბავშვმა სხვების დასანახად კითხვის იმიტაცია რომ გაითამაშოს, ეს არაბუნებრივია?


მაშ, რისი მომცემია ტექსტი, რომელმაც დაკარგა ის ფუნქცია, რისთვისაც დაიწერა თავის დროზე?


თქვენ ვერ მომიძებნით „დედაენაში“ ვერცერთ სიტყვას, გამოთქმას და მთლიან ტექსტს, რომელიც გოგებაშვილის დროინდელი ბავშვისთვის უცხო იყო. ყველა მოთხრობა, თავისი ლექსიკით პასუხობდა იმდროინდელ მოთხოვნებს და ითვალისწინებდა ბავშვის შესაძლებლობებს.


ზუსტად ამიტომ არის „დედაენა“ შედევრი.


და მე მას, როგორც ქართველი ერის უდიდეს კულტურულ მონაოვარს, აუცილებლად გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს.“ 


აღნიშული პოსტი მასწავლებელმა ნინო მესხორაძე​მ სოციალურ ქსელში ​„დედაენის“ სკოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. 

ფოტო: ჟურნალი „თბილისელები“

შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ოქტომბრიდან რა რაოდენობის ანაზღაურებას მიიღებს მასწავლებელი სტატუსისა და გამოცდილების მიხედვით?

1-ლი ოქტომბრიდან რა რაოდენობის ანაზღაურებას მიიღებს მასწავლებელი სტატუსისა და გამოცდილების მიხედვით?

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილები 1-ლი ოქტომბრიდან ​ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:

ა) მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და შესაბამის საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს/საგნებს.“

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა განისაზღვრება:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის 470 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის 850 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის 1150 ლარით.

ბრძანების თანახმად, სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

როგორი იქნება მასწავლებელთა ხელფასები სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით?

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ამავე თემაზე:

​რამდენი ლარით იზრდება უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები 2019-2020 სასწავლო წელს

წაიკითხეთ სრულად