Baby Bag

„პირველივე კლასიდან მშობელი ცდილობს, ბავშვს არ ჰქონდეს თავისუფალი დრო - ეს არის ბავშვზე ძალადობა“

„პირველივე კლასიდან მშობელი ცდილობს, ბავშვს არ ჰქონდეს თავისუფალი დრო - ეს არის ბავშვზე ძალადობა“
„არავინ იფიქროს, რომ მშობლებს რამეს ვაბრალებ. მშობლები დღეს არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნან, მისცენ განათლება, ასწავლონ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, პირველები, კარიერა გაიკეთონ და ა.შ. ასე ფიქრობს ყველა მშობელი, ამისთვის კი არაფერს არ იშურებს და მერე ძალიან უკვირს, როცა უკუღმა გამოდის. ეს არ არის სწორი ფიქრი. ჩვენ რა გვგონია? - ჩვენი შვილი პირველი იქნება? და საერთოდ, რა არის განათლება? ჩვენ ხომ ესეც არ ვიცით წესიერად. 

ჩვენ რა გვგონია?  - თუ ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას რომ ისწავლის კერძო სკოლაში, სადაც 5000 ევროს ვიხდი და ამიტომ უნდა იმეცადინოს კარგად, რადგან მე ინვესტიციას ვდებ ამაში. პირველივე კლასიდან ვცდილობთ, რომ დრო არ დავუტოვოთ თავისუფალი, რადგან თავისუფალი დრო „კრიმინალია“ ჩვენი შვილებისთვის. მას არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, არ უნდა დაუშვას შეცდომები, რადგან ესეც „კრიმინალია“. ყველაფერი იწყება აქედან. ეს არის ძალადობა ბავშვზე. ჩვენი ფსიქოლოგია ისეა მოწყობოლი, ან უნდა მოკვდე, ან ადაპტაცია უნდა განიცადო. დაწყებით კლასს რომ გაივლის ბავშვი, უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებს და აღარაფერი აღარ უნდა საერთოდ. მერე ჩივის მშობელი, რომ შვილს არ აინტერესებს არაფერი. 

როგორ ექნება ინტერესი, როცა პირველ კლასში დაგყავდა ინგლისურზე, ფრანგულზე, საფრანგეთის ისტორიაზე, ცეკვაზე, ცურვაზე და ა.შ. სად შეუძლია პირველკლასელს ამდენი სიარული? თავისულაფი დრო არ უნდა დაუტოვო იმიტომ, რომ შენ არ გაქვს თავისუფალი დრო. 

და როცა შენ არა გაქვს თავისუფალი დრო, შენ მიყვები ცხოვრების ნაკადს, გარბიხარ და შენი შვილიც მორბის შენთან ერთად. არასოდეს არ დაფიქრდები და არ იტყვი რა არის შენი საზრისი და შენი ცხოვრება. მე ლაპარაკი მაქვს მშობელზე. მშობელს ვეკითხები - თქვენ რას გრძნობთ? მიყურებენ როგორც უცნაურ ადამიანს. რას ნიშნავს, რას ვგრძნობ? რას ფიქრობ, რომ მკითხო, მესმისო. რას ფიქრობს შეიძლება იცის, რას გრძნობს, სხეული რას ეუბნება, არ იცის.

როცა მშობელს არ აქვს რეგულირებული ემოცია, შვილსაც არ ექნება რეგულირებული ემოცია. ჩვენ ასეთი ტემპერამენტის მქონე ადამიანებს, საკმაოდ ფიცხი სახიათის მქონე ადამიანებს ემოცია ამოღებული გვაქვს ყველანაირი ცნობიერებიდან. ეს არის დამღუპველი.

დღეს დასავლეთში ყველაზე დიდი ძალისხმევა იხარჯება, რომ ბავშვებს ასწავლონ ემოციური რეგულაცია. ჯერ ეს თვითონ უნდა ისწავლოს მშობელმა და შემდეგ ბავშვს ასწავლოს. 

რას ნიშნავს ემოციური რეგულაცია? - ეს არის სხვისი ემოციის გაგება, თავისი ემოციის გაგება და სიბრაზის მართვა. ჩვენმა საზოგადოებამ სიბრაზის მართვა არ იცის და მოვედით ბულინგამდე. მე რომ გავბრაზდები სხვაზე, თუ ვიპოვი ჩემზე სუსტ ადამიანს, ავდგები და და იმას დავჩაგრავ. 

სარკეში ჩავიხედოთ, ჩვენს სახეს შევხედოთ, რა ტონით ვლაპარაკობთ, როგორ ვესაუბრებით სხვა ადამიანს. 

ჩვენი საზოგადობა იცით როგორია? - ყველას საფრთხის განცდა აქვს. საზოგადოებას, რომელსაც მაღალი შფოთვა აქვს, მას არაფერს არ უპირებს, მაგრამ ის უკვე დგას „ბოქსიორის“ პოზაში. ყველა ასეა. სანამ ურთიერთობის თანამშრომლური მოთხოვნილება არ გაჩნდება და სანამ ერთმანეთს წაგება-მოგების ენით ვესაუბრებით, მე ვერაფერს ვერ ვურჩევ მშობლებს და მასწავლებლებს. ძალიან ვწუხვარ. 

ვურჩევ ერთს - ჯერ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გრძნობებში და ვისწავლოთ ჩვენი სიბრაზის მართვა.

სხვათაშორის დღეს უკვე ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში მისაღწევ მიზნად არის შეტანილი ემოციური რეგულაცია. აღმოჩნდა, რომ ცოდნის მიღებისთვისაც ეს არის მთავარი, კარიერის გაკეთბისთვისაც და ზოგადად, ცხოვრებისთვისაც. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ ამ თვალსაზრისით, ეს აღიარეს, დაინახეს. სახელმწიფო კერძო ორგანიზაციებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ ეს გადალახონ.მითუმეტეს  ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ქვეყანა და ამის მოგვარება არ არის ძნელი. მთავარია იყოს ნება ყველა მხარის. მთავარია ჯერ უფროსებმა ვისწავლოთ ეს თანამშრომლობა და მაგალითი მივცეთ ბავშვებს. პედაგოგიკა მაგალითია. 

თბილისის იმ სკოლაში, სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა უბედურება, ერთი კვირით ადრე იყო კვირეული სახელწოდებით „არა ბულინგს, არა ძალადობას“. ეს იმას ნიშნვს, რომ ლოზუნგი რჩება ლოზუნგად....

ეს ყველაფერი არის ფასადი. საბოლოო ჯამში ფასადის მიღმა ყველა ადამიანი არის უბედური და გარშემო რასაც ვუყურებ, ცხოვრება არავის არ უხარია. რატომ არ შეიძლება გვიხაროდეს ცხოვრება? ჩვენ ძალიან ვართ მატერიაზე მიწებებული. ეს საწყალი მშობელი 24 საათი რომ მუშაობს, რათა თავისი შვილი უზრუნველყოს, მაშინ რა არის ბედნიერება.

ჩემმა ნაცნობმა უცხოელმა პროფესორმა, მეორე პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათ საქართველოში, საკუთარ მანქანებში რომ სხედანო. ქართველი პროფესორი ვერ მიხვდა, რას ნიშნავს წარმატებული. უცხოელმა პროფესორმა იგულისხმა, რომ ამ ახალგაზრდამ თავად შეიძინა ეს ავტომობილი. როცა გაიგო, რომ მშობლები ყიდულობენ მანქანებს, კაცი იყო გაოგნებული. ასეთი რამე დაუშვებელია. შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის იმიტომ, რომ შემდეგ ის შენი „მონა“ იყოს და რაც გინდა ის გააკეთო, გარიგება გაქვს მასთან. შეიძლება ახლა ძალიან ცუდ რაღაცას ვლაპარაკობ... ვერ აცნობიერებს ამას მშობელი. უნდა, რომ ეს გაუკეთოს შვილს, მაგრამ ისიც უნდა, რომ შვილი მისი უფლებებით ცხოვრობდეს. ამიტომ მშობელსაც არ უხარია ცხოვრება და ბავშვსაც არ უხარია ცხოვრება. არავის არ უხარია. ასეთ დეპრესულ საზოგადოებაში, იქნება აგრესია, აბა არ იქნება?“
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან, ამ დროს ბავშვის რეალური განცდები იგნორირდება,“ - ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია

ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარების შესახებ საუბრობს:

“ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვობის ასაკიდან იწყება, თუმცა ცვლილებები არასდროს არის გვიან. ჩვენ მუდმივად ვიცვლებით. ემოციური ინტელექტის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოდის თვითგანვითარებაზე, თვითგანათლებაზე. სანამ პატარა თვითგანათლებას დაიწყებს, ის თვითგანვითარების პროცესში უკვე ჩართულია იმით, რომ მოძრაობს, მას აინტერესებს, ის სვამს ბევრ კითხვას, ტეხავს, აფუჭებს, ტირის, ბრაზობს. მშობლის მხრიდან უმთავრესია ბავშვის ემოციების შემჩნევა და დანახვა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე შენ შეგამჩნიე შენი ბრაზით, შენი სიხარულით.“

ნინო ახალაიას თქმით, მშობლებს ხშირად არ სურთ შვილების ნამდვილი ემოციების გაგება, რაც ბავშვისადმი მათი ეგოცენტრული დამოკიდებულებით აიხსნება:

„ძალიან ადვილია ბედნიერი ადამიანის მიღება. მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის და ბედნიერი ოჯახის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან. ასეთ დროს იგნორირდება რეალური განცდები. როდესაც პატარა ტირის, პირველი რა ხდება? მაშინვე იწყება ნუგეში, ან კანფეტით, ან შოკოლადით. ბავშვს ეუბნებიან, რომ სადმე წაიყვანენ, გაართობენ. შეიძლება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შვილი რომ ტირის, მაგრამ ეგოცენტრული გადაწყვეტილებაა ბავშვის გაჩუმება. ნუგეში თუ იმას გულისხმობს, რომ მე შენ გაგაჩუმებ, როდესაც ჩხუბობ, ტირი, ექსპრესიული ხარ, ეს ეგოიზმია. პირველი არის მხარდაჭერა იმით, რომ ვკითხოთ ბავშვს: როგორ გრძნობ თავს? როგორ ხარ? რას გრძნობ? რა ემოციები გაქვს?“

„მე, როგორც პრაქტიკოსი თერაპევტი, მოზრდილებთან მუშაობის დროს ხშირად ვაწყდები პრობლემას, როდესაც მათ ვეკითხები: რას გრძნობთ? მათ არ იციან რა მიპასუხონ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არის კონტაქტი საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციებთან,“ - აღნიშნავს ნინო ახალაია. 

წაიკითხეთ სრულად