ფეხბურთელი გურამ კაშია სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა და ბულინგის თემაზე ესაუბრა. გთავაზობთ მის საუბარს სიტყვა-სიტყვით:
„როდესაც ფეხბურთზე სიარული დავიწყე, პოპულარული არ იყო ეს სკოლაში. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული და ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა. როგორ ვთქვა, უფრო კრიმინალური მენტალიტეტის „კაი ბიჭები“ იყვნენ და გეკითხებოდნენ - „კაი ბიჭობა“ გირჩევნია თუ ტორტი და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში.
სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული არ ვიყავი, მეგობრები არ მყავდა. გოგონებთან ვმეგობრობდი. მართალი გითხრათ, ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ „კაი ბიჭები“ იდგნენ, ოთხნი-ხუთნი და „ხურდა მომე ბიჭოს“ იძახდნენ. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, რადგან მეც პატარა ვიყავი. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ სიტყვა ბულინგიც არ ვიცოდი, ჩაგვრა თუ იყო, ესეც არ ვიცოდი, რადგან სახლში მეუბნებოდნენ, ბიჭო, არავინ დაგჩაგროს, არ იტირო. არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, სავადმყოფოშია. ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება კაცმაც იტიროს.
სკოლის ბუფეტში რომ ჩავიდოდი და ფულს წამართმევდნენ, მეგონა ჩემს ძმას შეურაცხყოფას მივაყენებდი ამით. ესე ვფიქრობდი. არადა ასე არ არის, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ შიშს განვიცდიდი. თუ რამის გეშინიათ, ვინმეს უნდა გაუზიაროთ. ეს მარტო ჩაგვრა არ იყოს. თუ რამის გეშინიათ, ისეთი ადამიანი უნდა მონახოთ, ვისაც ეტყვით. თუ ბულინგის მსხვერპლი ხართ, მონახეთ მეგობარი, ან ისეთი ადამიანი იყოს, მაგალითად დირექტორი, მასწავლებელი, ეს შეიძლება ვიყო მე. დღევანდელ დროს ისეა განვითარებული ყველაფერი, შეგიძლიათ, „ფეისბუქზე“ არა, მაგრამ „ინსტაგრამზე“ მომძებნოთ და თქვენი ტკივილი მე გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ“.