რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - აღნიშნულ თემაზე ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,რ ა ტ ო მ ა რ უ ნ დ ა შ ე ე კ ა მ ა თ ო ს ა ყ ვ ა რ ე ლ ქ ა ლ ს ?
(ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)
1. შეიძლება არ მოეწონოს - ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;
2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ - და არა ერთხელ;
3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;
4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს - უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია;
5. ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს - ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;
5. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება - ეს აბსოლუტური იარაღია;
6. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები - ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;
7. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში - მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;
8. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი - ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;
9. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;
10. პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? - სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: "აქ ცხოვრობს სულელი".
ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ:
"არსებობს ქალის მართვის ორი გზა.
პირველი - დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის".
წაიკითხეთ სრულად