საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში მამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„მეგობრებო, შევეცდები სიახლეები გაგაგებინოთ. გუშინ ვიყავით ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაათავისუფლეს.
სამწუხაროდ, ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. გათავისუფლებულებმა გვითხრეს, რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა, პირობები ძალიან რთულია სადაც ყავდათ იზოლატორში.
მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და „საზღვარი” გადაკვეთა, ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.
მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ, სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება.
ახლა გვინდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში.
გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა, რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით.
მეამაყება მამა!!“ - წერს ირინა გაფრინდაშვილი.