Baby Bag

„თუ გინდათ, თქვენი შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი და ინდივიდუალური, არასდროს დასცინოთ ბავშვობაში“

„თუ გინდათ, თქვენი შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი და ინდივიდუალური, არასდროს დასცინოთ ბავშვობაში“

„მთავარია, მშობელი მოძალადე არ იყოს შვილის მიმართ. ძალადობაში არც კი განვიხილავ ფიზიკურ აგრესიას, იმდენად კამათის გარეშე დაუშვებელია, მხოლოდ ფსიქოლოგიურ ველს ვგულისხმობ. თუნდაც მშობლის აუსრულებელი ოცნების ბავშვისთვის ძალადობრივად​ და დიდი დოზით თავს მოხვევას. მშობელს უნდა ესმოდეს, რომ შვილი საკუთრება არაა, ის სხვა ადამიანია, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ამქვეყნად მოსვლაში დავეხმარეთ. მას თავისი სურვილები, თავისი მიზენები და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ყველაფრის მიმართ. 

ხშირად მშობლის ცდუნებაა, ის თვისებები აღზარდოს ბავშვში, რაც მას თავადაც არ გააჩნია, პირად მაგალითსაც ვერ აძლევს ბავშვს და ავიწყდება, რომ ჯერ თავისი თავი ვერ აღზარდა ისე, რომ თვითკმაყოფილების საფუძველი ჰქონდეს და მაინც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ სხვისი აღზრდა უფრო იოლია. 

ერთხელ ჩემი ახლობლის ჩხუბს შევესწარი თავის 7 წლის ბავშვთან; „გააჩუმებ ენას?“ ბოლო სიტყვისთვის იბრძოდა დედა.

„აბა, ვცადოთ, აი, შენ, ამხელმა ქალმა შეძელი და გაჩუმდი ცოტა ხანს“, შევთავაზე. გაუჭირდა, ვერ გაჩუმდა, მაგრამ აღიარა, რომ მეტს ითხოვდა ბავშვისგან, ვიდრე ეს გონივრულია. 

ნებისმიერ კითხვაზე ნებისმიერი პასუხი გამომდინარეობს იქიდან, რა არის თქვენი სურვილი, როგორი პიროვნების აღზრდა გსურთ. 

თუ გინდათ, თქვენი შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი და ინდივიდუალური, არასდროს დასცინოთ ბავშვობაში მის გამოთქმულ აზრს, არ დაუწუნოთ ნამუშევარი, არ დაუწუნოთ არც გემოვნება, მიეცით უფლება ისე ეცვას, როგორც მოსწონს, მიუხედავად იმისა, სულელურად გეჩვენაბათ მისი ჩაცმულობა თუ არა. 

არ დაუწუნოთ მუსიკა, რომელსაც უსმენს, წიგნი, რომელიც იტაცებს...

ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ არჩევანი შესთავაზეთ, ბევრი რამ დაათვალიერებინეთ, აჩვენეთ, ესაუბრეთ, მაგრამ არ მოახვიოთ თავს თქვენი აზრი, გადაწყვეტილება ყოველთვის თავად მიიღოს. 

თუ გინდათ გურმანი იყოს, არ დააძალოთ საკვების მიღება, ამ დროს ბავშვს არაცნობიერი პროტესტი უვითარდება და „კრიჭა ეკვრება“.

თუნდაც უფრო ნაზი ძალადობა, „დედას ხათრით ჭამე, ერთიც მამიკოსი“ რომ განვიხილოთ, - სერიოზულად გიფიქრიათ ამ ფრაზებზე? ან თქვენი ქცევის ნამდვილ შინაარსზე, ფარული ძალადობით და სხვისი პყრობის სურვილით რომაა გამსჭვალული, - „ჩემი ხარ, რასაც მინდა გაჭმევ, რასაც მინდა ჩაგაცმევ, მე უკეთ ვიცი, რა არის შენთვის საჭირო და კარგი, არ მაინტერესებს, რამდენად სასიამოვნოა ჩემი სიკეთე შენთვის“.

- ბავშვში კი რა ხდება? ხათრი, ცხადია, უკეთესი ვარიანტია, იმ კატასტროფული „მესიჯისგან“ განსხვავებით, გუდიანი კაცი რასაც შეიცავს, როცა ბავშვში შეყვანილია შიშის გამო მორჩილების კოდი, თუმცა ხათრით მორჩილებაც, ასევე, გამოუსწორებელ კონფორმისტს გაზრდის. თავი დავანებოთ იმას, რომ ძალით იმის ჭამა, რაც არ გინდა, უსიამოვნებად აქცევს ამ ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო საქმიანობას და შემდგომში ზოგადად ცხოვრებისთვის „გემოს ჩატანების“ უნარს დააბლაგვებს.

თუ გინდათ, პატივისცემა ასწავლოთ საკუთარი და სხვისი პირადი სივრცის მიმართ, ნუ შეეჭრებით სულში, მიეცით საშუალება, ჰქონდეს თავისი დაცული კუთხე, სადაც თქვენ არასდროს „დაულაგებთ“ ნივთებს თქვენი შეხედულებისამებრ. ნურასდროს გააჩუქებთ მის სათამაშოს ან ნივთს მასთან შეუთანხმებლად. თუ გსურთ, ცხოვრებაში უმწეოდ არ გრძნობდეს თქვენი შვილი თავს და მზად იყოს ყოველგვარი სირთულის დასაძლევად, არასდროს გააკეთოთ მის მაგივრად ის, რის გაკეთებაც უკვე თვითონ შეუძლია. არც ზედმეტი ყურადღებით შეზღუდოთ მისი ფუნქციური განვითარება და არც უყურადღებობით აგრძნობინოთ თავი დაუცველ არსებად, რომლის ბედი ნაკლებად გაინტერესებთ. შვილი უნდა გრძნობდეს ზრუნვას და მხარდაჭერას თქვენგან, მაგრამ არა აგრესიულ, ვამპირულ ლტოლვას, რომ მის მაგივრად გსურთ გაიაროთ მისი ცხოვრება.

ყველა უხერხულ კითხვაზეც კი ბავშვს უპასუხეთ გულახდილი და ნამდვილი პასუხი, არა მიკიბულ-მოკიბული, არა ტყუილი, უბრალოდ მისი ასაკის შესაბამისად შერჩეული სიტყვებითა და მოზომილი განცდით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ღირსია, პასუხობდნენ სერიოზულად. 

ნუ წაუყენებთ შვილს თქვენს წარმოსახვასა და სურვილებში არსებულ ზედმეტ მოლოდინს, ვერგამართლების, ვერმიღწევის შემთხვევაში ხელმოცარულის ფსიქიკა განუვითარდება. ეს კი მომდევნო წარმატებებშიც ხელს შეუშლის. 

ნურც იმას შთააგონებთ, რომ მას ბევრი არაფერი შეუძლია. პირიქით, იცოდეს, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევს, მაგრამ მთავარი ისაა, იმას მიაღწიოს, რაც მას სურს და დამატებით იარაღად ერთი რამის კეთება მაინც ისწავლოს კარგად, რაც ნებისმიერ დროს გადაარჩენს და ულუკმაპუროდ არ დატოვებს. რა საქმიანობაც უნდა იყოს ეს, მთავარია, აკეთოს ხალისით, ღირსების გრძნობით და არა უკიდურესი აუცილებლობისგან გამოწვეული ტანჯვით. 

თუ გსურთ, ლაღი იყოს თქვენი შვილი, გარდა სასარგებლო გაფრთხილებისა, რომ არ უნდა დაიწვას ხელი უთოზე, არ გადავიდეს გადასასვლელზე არასწორ ადგილას და სხვა, ნუ ჩადებთ ბავშვში თქვენს შიშებსა და შფოთვას. ნუ გაუჩენთ უნდობლობას სამყაროს და ადამიანების მიმართ. 

ვინც უღიმის სიცოცხლეს, ის უკანაც იღებს საპასუხო ღიმილს ყველასგან და ყველაფრისგან. 

ეს არ გახლავთ რჩევები. ეს მსუბუქად განხილული უბრალო სიტუაციები და ვარიანტებია, რაც შესაძლოა, დაემთხვეს თქვენს სურვილებსა და კითხვებს და ოდნავ სასარგებლო გამოდგეს ვინმესთვის.“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 

წყარო: „შიშო, გამოდი გარეთ“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ...“

„ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ...“
„საქალებო სტატუსი...

ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ, რომ ნევროზი გაგიჩინათ ცხოვრებამ. მაინც არავის შეეცოდებით და საკუთარი თავის წინაშე მაინც მარტონი იქნებით. ნურასოდეს წაიქცევით სხვის დასანახად,ნუ ჩაიცმევთ შავ კაბას, როცა სამყარო ფერადია. ვინც თქვენგან მიდის, მას დაბრუნების რცხვენია და ამიტომ ხართ მარტო.ვინც არ იმსახურებს თქვენს ცრემლებს, დასაჯეთ უყურონ თქვენს სიცილს. ვინც ბედნიერებას ვერ განიჭებთ, ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად რომ მას შესწიროთ ცხოვრება. ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს.

ვინც გულს გტკენთ, ისინი გაძლიერებენ. ნუ იცხოვრებთ ისე რომ, სარკეში თქვენს ნაცვლად სხვა ქალის დანახვა გენატრებოდეთ. ყოველთვის იყავით ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ.

ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას გააუთაონ თქვენი ოცნებები.ნურც სამზარეულოს მეკვლე გახდებით ყოველ დილას.წაყევით თქვენს შვილებს ფეხბურთის სათამაშოდ,ტყეში,მტრედების სანახავად...მიყევით მათ ნაბიჯებს და იცინეთ...ბევრი იცინეთ რომ დედები ხართ. ნუ დაკარგავთ საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას...იყავით თავისუფლები,ლაღები,ლამაზები. ფერადკაბიანები.

​ჩაიცვით ბევრი კარგი ხასიათი და მოირგეთ თქვენი თავი. კაცები რომლებიც ქალებს ტოვებენ,ისევ ქალებთან გარბიან. ქალებთან რომლებმაც თქვენზე უკეთ გაიგეს საკუთარი თავის ფასი...

ნუ იქნებით მარტო დედები...ან მარტო ქალები...იყავით ბევრი და მრავალფეროვანი.შექმენით საკუთარი თავი საკუთარი იდეალების მიხედვით.არასოდეს აპატიოთ ერთის მეტად.არასოდეს შეიყვაროთ თავზე მეტად.

მშვიდად დადექით სარკის წინ და თქვენს თავს ესაუბრეთ...ესაუბრეთ რომ ყველაზე ძლიერი ხართ და ყველაფერი კარგი წინაა.

დიახ, თქვენ ზუსტად ის ქალი ხართ კაცს რომ ოცნება ასწავლეთ...სიცოცხლე შეაყვარეთ და შვილები აჩუქეთ.თუ ის ამ ყველაფერს კარგავს,მიეცით საშუალება იცხოვროს საკუთარ სიბნელეში.ყოველთვის გახსოვდეთ რომ გვირაბის ბოლო გვირაბის დასაწყისიცაა...

და თუ ოდესმე თავს უფლებას მისცემთ ტირილის,იტირეთ მხოლოდ მაშინ,როცა თქვენი პატარები კისერზე გეხუტებიან და გეუბნებიან ,,დედა,მიყვარხარ"...“
ავტორი: მწერალი ანა ლაშხელი ონიანი

შეგახსენებთ, რომ ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში კუჭის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. 
წაიკითხეთ სრულად