Baby Bag

„ასწავლეთ შვილებს... მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ“

„ასწავლეთ შვილებს... მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ“

„ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის. ასწავლეთ, რომ ყველას არ გააჩნია თავშესაფარი, რომ ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში, რომ ყველა ვერ ყიდულობს ,,ბიგ მაკს", ან ,,ჩიზ ქეიქს"...

ასწავლეთ, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა. ასწავლეთ, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა, ასწავლეთ, რომ სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს.

ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია, რომ დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.

ასწავლეთ, რომ სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია... ასწავლეთ, რომ ერთგულება რჩეულთა ხვედრია...

ასწავლეთ ვაჟებს, რომ ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის...

ასწავლეთ გოგონებს, რაც უფრო მოუწვდომელი იქნებიან, , ბიჭები უფრო დააფასებენ...

ასწავლეთ შვილებს, რომ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მარტო არ არის სულიერება, მთავარი მცნებების დაცვაა...

ასწავლეთ, რომ ლუკმა მშიერს გაუყონ და არასდროს იტრაბახონ ,,ადიდასის" ქურთუკით, თუ სხვას სცივა...

ასწავლეთ, რომ ამპარტავანი ადამიანი ღვთისათვის მიუღებელია...

ასწავლეთ შვილებს, რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა...

ასწავლეთ, რომ ნებისმიერ გამვლელს მიესალმონ და გაუღიმონ...

ასწავლეთ, რომ უპატრონო საფლავებს მოუარონ...

ასწავლეთ, რომ შუქნიშანთან მდგარი მოხუცი, გზის მეორე მხარეს გადააცილონ...

ასწავლეთ, რომ სხვების წარმატება უხაროდეთ, რომ მეგობრები ფულის, მშობლების გავლენის მიხედვით არ შეარჩიონ, რომ არავინ სძულდეთ...

ასწავლეთ... მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ!..“

პეტრე კოლხი ​

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია...''

,,ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია...''

,,მე-7- მე-8 კლასში ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთ მასწავლებელთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო, მან პირობა მომცა რომ ორიანს დამიწერდა და საშემოდგომოს გამომაყოლებდა, მთელი თავისი თანმდევი უსიამოვნო რიტუალებით...

კორიდორში სადაც შემხვდებოდა, მიმეორებდა:

- მუზაშვილი, ამ ორიანს არ გამოგასწორებინებ...

მან ეს პირობა შეასრულა...

ეს იყო ჩემი პირველი შეხება სიტუაციასთან, როცა რაიმე ,,ცუდს" არა მარტო გპირდებიან, არამედ გისრულებენ კიდეც და თავს ზევით ძალა არ არის...

ზაფხულის დაწყების წინ, როცა ყველას არდადეგები უხარია, მე კუდამოძებული ვბრუნდებოდი სახლში და მეგონა რომ ვირზე უკუღმა შესასმელი ვიყავი....

უმძიმესი განცდებით, ნამუსის ქენჯნით და სირცხვილის გრძნობით გადავაგორე ზაფხული...

ჩუმად ვმეცადინებობდი და ვნატრობდი ოჯახის წევრებს არაფერი გაეგოთ.

დადგა საშემოდგომოს გადაბარების დღეც...

წავედი...

შევდივარ ოთახში სადაც დირექტორი, სასწავლო ნაწილი და ეს ჩემი პატივცემული მასწავლებელი ზის და ვხედავ, რომ დედაჩემიც იქ არის ...

(დედა მაშინ სკოლებს ამოწმებდა და აღმოჩნდა, რომ საგანგებოდ და ნიშნის მოგებით დაპატიჟეს, რათა ეჩვენებინათ, რომ შვილი თავად ვერ გაზარდა და ვის რა უნდა ასწავლოს?)

მეგონა სამყარო თავზე დამემხო....

დავჯექი, თავი დავხარე და ველოდები ცა როდის ჩამოიქცევა ჩემს თავზე.

დედაჩემი წამოდგა და იკითხა:

- ამიწიეთ ხელი, ვინც თვლით, რომ ეს ბავშვი უნიჭოა?

რასაკვირველია, ხელი არავის აუწევია...

- ამიწიეთ ხელი, ვინც თვლით, რომ უზრდელია?

- ???

- მითხარით კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც იტყვის, რომ იგი არ სწავლობს?

- ???


დედამ ჩაახველა და რიხიანად გამოაცხადა:

- ორიანი და საშემოდგომო შენ გეკუთვნის ჩემო ძვირფასო -----, იმისათვის, რომ ბავშვისთვის, რომელიც ნიჭიერია და სწავლისუნარიანი, შენი საგანი სამიანზეც კი ვერ მოახერხე გესწავლებინა...

ახლაც მახსოვს, მაშინ როგორ ამოვისუნთქე....

ეს განცდა დღემდე მომყვება, და ყოველთვის, როცა ქარიშხალებთან ბრძოლით დაღლილს, სასოწარკვეთის ლანდი შემინიშნავს ჩემში, მაშინვე მახსენდება, რომ მე მარტო არ ვარ!!! ჩემი ყოველთვის სჯეროდათ...

ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია...

p.s.

მაშინ, როცა თქვენ თქვენი შვილების გვერდზე ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება...''

ავტორი: ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

წაიკითხეთ სრულად