Baby Bag

,,​რწმენას რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, მეცნიერებაც არ დაობს, მედიცინაც აღიარებს ამ ფენომენს" - ნათია ფანჯიკიძე

,,​რწმენას რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, მეცნიერებაც არ დაობს, მედიცინაც აღიარებს ამ ფენომენს" - ნათია ფანჯიკიძე

,,​რწმენას რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, მეცნიერებაც არ დაობს, მედიცინაც აღიარებს ამ ფენომენს, უბრალოდ, როგორც მეცნიერებას სჩვევია, სხვანაირ სახელს არქმევს - პლაცებო და ნოცებო ეფექტი ჰქვია ადამიანის თვითგანკურნების ან თვითგანუკურნებლობის სასწაულს. სწორედ ამიტომ და არამარტო ამიტომ, მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი. მთავარია, გავიგოთ, რომ მედიცინა და ჰიგიენა არ უპირისპირდება რწმენას. პლანეტის მოსახლეობა ბევრად უფრო ღრმადმორწმუნე იყო, პენიცილინის (ანტიბიოტიკის) გამოგონებამდე და მიუხედავად რწმენისა, მილიონობით ადამიანი იხოცებოდა სხვადასხვა ტიპის ეპიდემიის დროს. განუვითარებელი მედიცინის და ჰიგიენის საშუალებების არარსებობის პირობებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელი იყო. ჩემმა საყვარელმა ფრენდმა კი გაიხსენა და თქვენც გემახსოვრებათ ისტორიული წყაროებიდან, რომ სწორედ სასწაულმოქმედ ხატებზე და ჯვრებზე საწამლავის წასმით კლავდნენ სამეფო კარზე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს. ხატი, მიუხედავად იმისა, რომ მოპირკეთებული იყო ძვირფასი მეტალით, რომელიც ნამდვილად ნაკლებად იკარებს ,,ჭუჭყს", ვერ ახერხებდა საწამლავის განეიტრალებას. მოკლედ, ბრაზის გარეშე სამსჯელოა ეს საკითხი. ბოლოს და ბოლოს ზიარების საიდუმლოში მთავარი ,,მოქმედი პირი" კოვზი ხომ არაა. და თუ კოვზია, ასეთი ვარიანტი არ გამოდგება, რომ სპეციალურად შევიძინოთ ვერცხლის კოვზები და ვაკურთხოთ კიდეც და მხოლოდ ზიარებისთვის გამოვიყენოთ?"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან!“ - ასტრიდ ლინდგრენის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც ბავშვზე ძალადობა კანონით აკრძალა

„მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან!“ - ასტრიდ ლინდგრენის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც ბავშვზე ძალადობა კანონით აკრძალა

ყველასთვის უსაყვარლესმა საბავშვო მწერალმა ასტრიდ ლინდგრენმა 1978 წელს, როდესაც მას გერმანიაში პრესტიჟულ „მშვიდობის პრემიას" გადასცემდნენ წარმოთქვა სიტყვა, რომელსაც ​Momsedu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

„კაცობრიობა თავისი არსებობის დღიდან იბრძვის და ომობს. ჩვენი მსხვრევადი, მყიფე სამყარო გამუდმებით საფრთხის ქვეშაა. იქნებ დადგა დრო, ვკითხოთ საკუთარ თავს, თავად ხომ არ ვაკეთებთ ყოველდღე ისეთ რამეს, რასაც მუდმივი კონფლიქტებისკენ მივყავართ? როგორ გავხდეთ უკეთესები და როგორ დავივიწყოთ აგრესია?

მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან! ძალიან მალე სწორედ ისინი გახდებიან ამ პლანეტის მმართველები და მათი გადასაწყვეტი იქნება, განაგრძონ აგრესია თუ სიხარულსა და მშვიდობაში იცხოვრონ.

მახსოვს, როგორ შოკში ვიყავი, როცა გავაცნობიერე: ჩვენ გვმართავენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ ღვთაებრივი წინასწარმეტყველებისა და სიბრძნის უნარი. ისინი ჩვენნაირები არიან — თავიანთი სისუსტეებითა და ვნებებით, მაგრამ ხელთ უპყრიათ ძალაუფლება. რატომ იღებენ ეს ადამიანები ესოდენ უვარგის გადაწყვეტილებებს? ბუნებითი ბოროტების გამო ხომ არა?

მე ასე არ მგონია. ბავშვი დაბადებისას არც კარგია და არც ცუდი. მაშ, ვინ წყვეტს, როგორი იქნება ის შემდგომში — კეთილი და გულისხმიერი თუ სასტიკი და გულქვა მარტოხელა მგელი?

ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ — ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვჩადით.

ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, პირველი შვილი რომ შემეძინა, ცემის სიკეთისა საერთოდ არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყოო.

მაგრამ მერე, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და შვილის გემოზე გაროზგვა გადაუწყვეტია — პირველად ცხოვრებაში. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.

ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:

„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.

და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძვნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას — წკეპლით თუ ქვით.

გულშეძრულ დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის.

ახლა თქვენ მკითხავთ: რა გამოდის, თუკი ბავშვების დასჯას შევწყვეტთ, ჰომო საპიენსის ახალ სახეობას გამოვზრდით, ყველა ერთბაშად გაკეთილშობილდება და ომები შეწყდებაო? რა თქმა უნდა, არა. ამგვარი უტოპიისა მხოლოდ საბავშვო მწერლებს შეიძლება სჯეროდეთ. სინამდვილეში ჩვენი საბრალო სამყარო უამრავ რეფორმასა და ცვლილებას მოითხოვს. მაგრამ ჩვენი შვილები უყურებენ ტელევიზორს და ხედავენ, როგორ მძლავრობს აგრესია დედამიწაზე და შესაძლოა ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა ყველა პრობლემის გადასაჭრელად. და ჩვენ საკუთარ სახლებში, ახლავე შეგვიძლია დავანახოთ მათ, რომ არსებობს სხვა გზა. ეს ისაა, რაც ჩვენ მშვიდობისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ.

არცერთ ჩვენგანს არ აწყენდა ქვა სამზარეულოს თაროზე, რათა მუდამ გვახსოვდეს:

„არა ძალადობას!“

ამ სიტყვების შემდეგ შვედეთში ბავშვების ფიზიკური დასჯა ოჯახებსა და სკოლებში კანონმდებლობით სრულად აიკრძალა.

წაიკითხეთ სრულად