Baby Bag

„ვირუსი ისე ვერ დაგაზიანებთ, როგორც თქვენი ეგოისტური ქმედებები და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის მოთხოვნილება“ - კანადელი ინფექციონისტის ემოციური პოსტი

„ვირუსი ისე ვერ დაგაზიანებთ, როგორც თქვენი ეგოისტური ქმედებები და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის მოთხოვნილება“ - კანადელი ინფექციონისტის ემოციური პოსტი

ტორონტოში მოღვაწე ინფექციონისტი აბდუ შარკავი სოციალურ ქსელში ემოციურ ​პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის საზოგადოებას კორონავირუსისადმი დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს და მასებში გავრეცელებულ პანიკას კაცობრიობისთვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მე ექიმი ვარ, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი. უკვე 20 წელია, რაც ამ საქმეში ვარ და დაავადებულ ადამიანებთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ამ ხნის განმავლობაში როგორც დიდ ქალაქებში, ასევე აფრიკის უღარიბეს რაიონებშიც ვმუშაობდი. ვმკურნალობდი შიდსით, ტუბერკულოზით, დიფტერიით, ჰეპატიტებით, მწვავე რესპირატორული სინდრომით, წითელათი და ყივანახველათი დაავადებულ პაციენტებს. ჩემი პროფესიის წყალობით ცხოვრებაში უამრავი რამ ვნახე, მაგრამ მწვავე რესპირატორული სინდრომის გარდა თითქმის არაფერს შევუშინებივარ, თავი დაუცველად, შეძრწუნებულად და გულგატეხილად არასდროს მიგრძნია.

მინდა გითხრათ, რომ Covid-19-ის არ მეშინია. რა თქმა უნდა, მაშფოთებს ახალი ინფექციური აგენტის მსოფლიო მასშტაბით სწრაფად გავრცელებით მიღებული არასახარბიელო შედეგები, მით უმეტეს, რომ ვირუსი ახალ ტერიტორიებს იპყრობს. რა თქმა უნდა, მაღელვებს ასაკოვანი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების ბედი, რომლებიც ვირუსისგან ყველაზე მეტად იტანჯებიან. მიუხედავად ამისა, Covid-19-ის არ მეშინია!

მე ძალიან მაშინებს მასებში გავრცელებული შიში და პანიკა, რომლის წყალობითაც ადამიანების დიდმა ნაწილმა საღად აზროვნების უნარი დაკარგა, მაშინებს საავადმყოფოებიდან მოპარული სამედიცინო ნიღბების შესახებ ამბების გაგება. სამედიცინო პერსონალს ხომ პირბადეები ყველაზე მეტად სჭირდება. სამაგიეროდ ნიღბებიან ადამიანებს ხშირად შეხვდებით აეროპორტებში, კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში, სადაც ისინი უფრო მეტ პანიკას, შიშსა და უნდობლობას თესავენ. მეშინია, რომ საავადმყოფოებს წალეკავენ ადამიანები, რომლებიც ვირუსზე ტესტის ჩატარების მოთხოვნით სამედიცინო დაწესებულებებს მიაკითავენ, თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლისთვის რეალური მიზეზი ნამდვილად არ ექნებათ. გულის უკმარისობით, ემფიზემით, პნევმონიითა და ინსულტით დატანჯული ადამიანები კი მათ გამო დაზარალდებიან, რადგან ექიმებს და სანიტრებს მათთვის საკმარისი დრო აღარ დარჩებათ.

მეშინია, რომ მოგზაურობის აკრძალვა უკიდურესად ფართო მასშტაბებს მიაღწევს, საქორწინო ცერემონიები გადაიდება, კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ვფიქრობ, რომ ოლიმპიური თამაშებიც კი გაუქმდება. ასეთი რამ წარმოგდიგენიათ?!

მეშინია, რომ პანიკა სავაჭრო ურთიერთობებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, რაც უამრავ სექტორში პარტნიორული ურთიერთობების შესუსტებას გამოიწვევს და საბოლოოდ გლობალური ეკონომიკური რეცესიის პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მაშინებს მაგალითი, რომელსაც, საფრთხის წინაშე მყოფნი, ჩვენს შვილებს ვაძლევთ. იმის ნაცვლად, რომ რაციონალურად, გახსნილი გონებით და ალტრუისტულად ვიმოქმედოთ, ჩვენ პანიკა გვიპყრობს, რეაქციონერებივით ვიქცევით, გვეშინია, ვეჭვობთ და ეგოიზმის დაძლევას ვერ ვახერხებთ.

კორონავირუსი ჯერ არ დამარცხებულა. ის, შესაძლოა, მალე ესტუმროს თქვენს ქალაქს, ახლომდებარე საავადმყოფოს, თქვენს უახლოეს მეგობარს ან ოჯახის წევრს. ამას უნდა შეეგუოთ, რათა სამომავლოდ ეს ყველაფერი თქვენთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს. ვირუსი ისე ვერ დაგაზიანებთ, როგორც თქვენი ეგოისტური ქმედებები და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის მოთხოვნილება. ეს ყველაფერი ჩვენ კატასტროფამდე მიგვიყვანს.

ყველას გევედრებით, შიში საღი აზრით დათრგუნეთ, პანიკა მოთმინებით დაძლიეთ, გაურკვევლობა კი განათლებით გაფანტეთ. ჩვენ საუკეთესო შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ჰიგიენის წესების დაცვა ვისწავლოთ, რაც გადამდებ დაავადებათა რიცხვის შემცირებაში ძალიან დაგვეხმარება. ეს გამოწვევა ყველამ ერთად უნდა მივიღოთ, სხვებისადმი თანაგრძნობა და მოთმინება გამოვიჩინოთ. მთავარია, რომ ყველამ სიმართლის გაგება ვცადოთ, ყურადღებით გავეცნოთ ფაქტებს, თავი შევიკავოთ ვარაუდების გამოთქმისგან, უარი ვთქვათ სპეკულაციებსა და აპოკალიპტურ მოლოდინებზე.

ფაქტები და არა შიში, სუფთა ხელები და ღია გული - ეს არის ის, რის გამოც ჩვენი შვილები მომავალში მადლობას გადაგვიხდიან!“

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა''

,,გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა''
პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მოვილიე, მგონი, ჩემი კოვიდი, რომელიც დამემართა, მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერით ორჯერ ვიყავი აცრილი.

2-3 დღე მქონდა სიცხე 38-ის მიდამოებში, ხველება და ზოგადი არაფრისთავისქონა. ახლა დამრჩა მხოლოდ სისუსტე, თუმცა რაკი ამ პოსტის დაწერა გავქაჩე, იმასაც ვძლევ.

დიდი მადლობა ინფექციურ საავადმყოფოს, Marika Tugushi-ს, მაია ახვლედიანს და ყველას, ვინც ძალიან კარგად მომიარა.

რაც შეეხება ფაიზერს: ხომ წინასწარ ვიცოდი, რომ აცრა ასი პროცენტით არ გამორიცხავს ინფიცირებას… მაინც გგონია, იმ რამდენიმე პროცენტში მაინცდამაინც შენ რატომ უნდა მოხვდე? და რატომ არა? ასეთია ადამიანის ბუნება: არ ველოდი და მეწყინა.

თუმცა, ამავე დროს, დავრწმუნდი, რომ გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა. ძალიან დიდი განსხვავებაა.

ვიცი, რომ ჩემი პროპაგანდა არ ჭირდება ხალხს, რომ აიცრას (სადაა, თორემ კი…). მაინც უნდა დამეწერა,'' - აღნიშნავს გია ნოდია. 


წაიკითხეთ სრულად