Baby Bag

„არ მინდა, თავი მოგაწყინოთ კარანტინზე საუბრით, მაგრამ თურმე საჭიროა“ - კარანტინში მყოფი გიორგის პოსტი

„არ მინდა, თავი მოგაწყინოთ კარანტინზე საუბრით, მაგრამ თურმე საჭიროა“ - კარანტინში მყოფი გიორგის პოსტი

გიორგი ნათენაძე კორონავირუსის გამო კარანტინში ბათუმში იმყოფება. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„კორონა - დღე პირველი. 

არ მინდა თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით, მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია.
არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.
მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. სასტუმრო სპუტნიკი, დაგუგლეთ და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა დასვენებისთვის წარმოუდგენელია.

- დღეში სამჯერადი კვება
- სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
- ტელევიზორი და ინტერნეტი
- ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მართალია, გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე წესით. თუ სამუშაო გაქვთ მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.
შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6 მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე.

თუ რამე გაკლიათ უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ.

კარებზე რომ მოგიკაკუნებენ ესე იგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს; ან სიცხეს გიკონტროლებს. (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს:) )

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ - თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.

ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინავაროო, ,,ბიზმესმენი" ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რამინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს ,,ბიზმესმენი" 

საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ თუ არ მოგწონთ.
სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით.
თუ გაქცევას დააპირებთ იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3 წლიანი პატიმრობაში მიგაცილებენ.

აბა კარგი დასვენება.

თუ არ გავერთიანდით ტოროლას ვერ დავამარცხებთ.

ხოდა კიდევ დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით,“ - აღნიშნავს გიორგი ნათენაძე. 


შეიძლება დაინტერესდეთ

გაეროს მოსახლეობის ფონდი ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს აძლევს

გაეროს მოსახლეობის ფონდი ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს აძლევს

​გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის ​რეკომენდაციებს ავრცელებს.

ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, დღემდე ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ, თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს.

რეკომენდაცები ორსულებისთვის

„სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე. ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხი კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე,“ - წერია განცხადებაში.

ფონდის ცნობით, თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.

რეკომენდაციები მეძუძური დედებისათვის

„მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:

● სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.

● თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალებისა და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით,“ - ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად