Baby Bag

„შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს“ - რა საფრთხეზე საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს“ - რა საფრთხეზე საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით. ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა „მოწამლა“. ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით „მოწამვლის“ შემთხვევებიც.

მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტობრივად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაწუხებს მშრალი ხველა? აი, როგორ მოაგვარო,“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„გაწუხებს მშრალი ხველა? აი, როგორ მოაგვარო,“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ადამიანებს, რომლებსაც მშრალი ხველა აწუხებთ ხველის დასამარცხებლად საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმმით, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ეფექტიანი არ არის:

„კოვიდის მერე ბევრს აწუხებს ეს სიმპტომი, ხველა, რომელიც არის მშრალი. ასეთ ხველას ნახველი არ ახლავს და არის საკმაოდ შემაწუხებელი. საქართველოში გამოყენებული ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების უმრავლესობა ხველაზე მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის. ​მე გიყვებით მხოლოდ კოვიდის დროს არსებულ ხველაზე. თუ ხველა კოვიდის დროს დაგეწყო და პირველ თვეს არ აგილაგდა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ის კიდევ დიდხანს დაგრჩეს, ძალიან მაღალია. შეიძლება ეს ხველა კიდევ 6-9 თვე იყოს.“

გიორგი ღოღობერიძემ მშრალი ხველის დასამარცხებლად მარტივი გამოსავალი შემოგვთავაზა:

„მშრალი ხველის დროს ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს. პირველი, უნდა მიიღო სითხეები. როდესაც ორგანიზმს ტემპერატურა მაღალი აქვს, ამ დროს სითხე ორთქლდება. სითხე რომ ორთქლდება,​ სასუნთქი გზები შრება, რაც იწვევს ხველას. მშრალი სასუნთქი გზები არის მიზეზი ხველის, ამიტომ სითხეები უნდა გაზარდო. მეორე რჩევა არის ორთქლის ინჰალაციის ჩატარება. მაღალი ტემპერატურის ორთქლის ინჰალაცია იდეალური გზაა და უფრო ეფექტიანია, ვიდრე ხველის დამთრგუნავი მედიკამენტები.“

„მედიკამენტებზე ეფექტიანი საშუალება, რომელსაც არც კი სჭირდება რეცეპტი, არის თაფლი. ​შეგიძლია ჩაი შეავსო თაფლით​ და თაფლიანი ჩაი მიიღო. არ დაგავიწყდეს, რომ თაფლის მიღება წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება.თუ გინდა, რომ თაფლიანი ჩაი კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს, შეგიძლია დაამატო პიტნა. ლიმონსაც თუ დაამატებ, საერთოდ იდეალური იქნება. აჰა, შენ კოქტეილი, რომელიც გამოგადგება მშრალი ხველის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად