Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ნოემბრის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირების საყურადღებოდ

ნოემბრის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირების საყურადღებოდ

2019 წლის ნოემბერში დანიშნული საგნის გამოცდის ჩასაბარებლად და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად დარეგისტრირებული პირების საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.

„ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.


რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასური მათ უნდა გადაიხადონ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 10:00 საათიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ სრულად