Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.

„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.

„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.


წაიკითხეთ სრულად