Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს“ - ბერიკა შუკაკიძე

„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს“ - ბერიკა შუკაკიძე

„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს. როდესაც სკოლაში არსებობს მაღალკვალიფიციური კადრი, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ მასწავლებელს ნაკლები დატვირთვა და შესაბამისად, ნაკლები ხელფასი?!“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ​Mom​s​edu.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავს თემებზე დირექტორმა და მასწავლებელმა ერთად უნდა მოილაპარაკონ:

„ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა დავიცვათ. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, მასწავლებლის სახლი ვერ გადაუწყვეტს ამა თუ იმ სკოლას საშინაო საკითხს. ჩვენ სკოლებს უნდა დავეხმაროთ მეთოდოლოგიურად, დანარჩენი თვითონ უნდა ისწავლონ. დირექტორმა და მასწავლებელმა ერთად უნდა მოილაპარაკონ მსგავს თემებზე. ნუ ველოდებით, რომ სახელმწიფო გადაგვიწყვეტს, რომელიმე კონკრეტულ სკოლაში დირექტორს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობას. ამას განათლების სამინისტრო ვერ მოაგვარებს. მშობელმა უნდა მოსთხოვოს მასწავლებელს, დაუსვას მას კითხვა - რატომ სჭირდება მის შვილს დამატებით მომზადება. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ერთმანეთთან თანაცხოვრება. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალ ანაზღაურებს, მშობლებმა კი უნდა მოსთხოვონ მასწავლებლებს, თავიანთ შვილებს შესაბამისი განათლება მისცენ. ეს გამოცდაც და კატეგორიებიც ხომ იმის დადასტურებაა, რომ მასწავლებელი უფრო მეტად ზრუნავს მოსწავლებზე, უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს. ჩვენ მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა და ინტერესები უნდა დავიცვათ. შეიძლება მენტორზე უკეთესს გაკვეთილს პრაქტიკოსი ატარებდეს, მაგრამ ეს არის გამონაკლისები,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

წაიკითხეთ სრულად