Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ - 12 ლიტერატურული ფრაზა, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში

„აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ - 12 ლიტერატურული ფრაზა, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში

​ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს 12 ლიტერატურული ფრაზას, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში. გთავაზობთ მის პოსტს:

„12 ლიტერატურული ფრაზა, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში - გახსენების კვალდაკვალ:

​1. „ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენა-მჭევრი.“ (დავით გურამიშვილის „დავითიანი“)

​2. „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.“ (ილია ჭავჭავაძის „ჩემო კარგო ქვეყანავ“)

​3. „მღუპავ, მამა?!“ (დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“)

​4. „კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი - კაცს.“ (ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“)

​5. „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ.“ (იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“)

​6. „იყიდება საქართველო.“ (ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“)

​7. „მე საერთოდ არ მმარხავთ?“ (რეზო ჭეიშვილის „მიწების განაწილება“)

​8. „საქმე ვქმენ საჭოჭმანები.“ (შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“)

​9. „მე ვიყივლებ, შენ იყეფე და სოფელიც აშენდებაო.“ (სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“)

​10. „სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“ (აკაკი წერეთლის „გამზრდელი“)

​11. „ჩვენ ვიტყვით: კაცნი ჩვენა ვართ, მარტოდ ჩვენ გვზდიან დედანი...“ (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“)

​12. „აგრე ვიცის ჯაყომა!" (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“)

​თვითშემეცნება გრძელდება - ყველა თქვენგანს ვთავაზობ, შეავსოს ეს ჩამონათვალი.

​თავს ნუ დავიმცირებთ, მაგრამ სულ გვახსოვდეს, რა გვიშლის ხელს, „დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის,“ - წერს გია მურღულია.

წაიკითხეთ სრულად