Baby Bag

„ორივე ბავშვი იუთუბმა დააინვალიდა და ორივე მკურნალობს“

„ორივე ბავშვი იუთუბმა დააინვალიდა და ორივე მკურნალობს“

„თუ იცნობთ ვინმეს, ვინც რვა წლამდე ბავშვს დღეში საათზე მეტს ატარებინებს ეკრანთან, განსაკუთრებით ეტლით მგზავრობისას, ჭამისას, ბანაობისას, ა.შ., შეაჩვენეთ და გააგებინეთ.

დღეს ჩემი ორი მეგობარი მოვიდა ვორქშოფში, ბავშვებთან ერთად. ოთხი წლის გოგო და ხუთი წლის ბიჭი. ხუთი წლის - დეპრესიაშია, ოთხის - ჰიპერაქტიურია. გოგომ ათ წუთში სამი ნივთი დაამტვრია და სამი ტანტრუმი დააგდო. არც ერთმა არ იცის წესიერად თამაში, არ ესმით იუმორი, არ აინტერესებთ ურთიერთობა.

ისინი დამოკიდებულები არიან მდგომარეობაზე, სადაც სხეული უმოძრაოდ დევს და ტვინი მუდმივად სტიმულირებულია. ორივე ბავშვი იუთუბმა დააინვალიდა და ორივე მკურნალობს.

ბიჭს საშინელი კოშმარები აწუხებს. სამის რომ იყო, აიპედთან დაუტოვებიათ მარტო, ერთი საათით, ჩართული აუტოფლეით. მულტფილმებიდან ავტომატურად გადასულა ძალადობის ვიდეოებზე (მერე გაარკვიეს). იმ დღიდან მოყოლებული დღემდე იფსამს და ებმის ენა.

იმ მომენტში, როცა თქვენი შვილი მათვალყურეობის გარეშე ხსნის ბრაუზერს, აბიჯებს ველურ ჯუნგლებში, სრულიად დაუცველი.“

პოსტი მუსიკოსმა კოკა ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში 5 იანვარს გამოაქვეყნა. როგორც თავად აღნიშნავს, პოსტს პერიოდულად აზიარებს. ამჯერად მან პოსტს გაზიარებისას ახალი ტექსტი დაურთო:

„მამებისთვის და დედებისთვის:

ამ პოსტს პერიოდულად გავაზიარებ და ახალ დეტალებს დავამატებ. ამ თემაზე ვკითხულობ ლიტერატურას და ვცდილობ მოვემზადო, ვაკეთებ ჩანაწერებს, ჩემთვის, მაინტერესებს საპირისპირო აზრი:

1. მიმაჩნია, რომ თექვსმეტ წლამდე მოზარდს არ უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა, სასურველია არ ჰქონდეს სმარტფონი, არ უნდა ხმარობდეს ფეისბუქს, ინსტაგტამს, ტვიტერს, ა.შ. გუგლი, იუთუბი, ა.შ. მოსულა, ოღონდ ღიად, ისე რომ მშობელს ხელი მიუწვდებოდეს ისტორიაზე (პირადი სივრცის თემა ამ ასაკში იდიოტობა მგონია).

შეუძლია ულიმიტოდ იხმაროს კომპიუტერი, მაგრამ ინტერნეტი უნდა იყოს კურირებული მშობლის მიერ.

კვლევებს თუ დავუჯერებთ, მოზარდი ბიჭების მთავარი ინტერესი თამაში და პორნოგრაფიაა, გოგოების - ერთმანეთის მეთვალყურეობა.

2. პორნოგრაფია უნდა იყოს კურირებული მშობლების მიერ. ტაბუ უნდა მოიხსნას. ანუ რაღაც მომენტში მოზარდს შეუძლია იპოვოს გადამალული ფოლდერი 10gb offline პორნოგრაფიით, ოღონდ არანაირი გაუპატიურება, bdsm, ა.შ.

3. მშობელს პირდაპირ თუ ირიბად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა მიმოწერაზე. უნდა იცნობდეს ონლაინ მეგობრებს, აკვირდებოდეს დინამიკას.

იდეა რაშია: მშობელი ერევა მხოლოდ მაშინ, როცა თემა ეხება ძალადობას, ბულინგს ან/და მანიპულაციას. დანარჩენი ყველაფერი მოსულა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

წაიკითხეთ სრულად