Baby Bag

„ვინც ფიქრობთ, რომ შრომას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, წაგებული პოზიციიდან იწყებთ და ვერსად ვერაფერს ვერ მიაღწევთ,“- დავით გადელია

„ვინც ფიქრობთ, რომ შრომას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, წაგებული პოზიციიდან  იწყებთ და ვერსად ვერაფერს ვერ მიაღწევთ,“- დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც იმ ადამიანებს ეხმაურება, რომელთაც შრომის მნიშვნელობის გააზრება უჭირთ:

„წავუანდერძებ...

არა, ჯერ არაფერი მემუქრება.... თითქოს.. ძაან არ შეშინდეთ- ისე, ცოტათი.. ანდერძი, როგორც წესი მემკვიდრეებს ეკუთვნის- შვილებს, შვილიშვილებს.. სწორედ მათთან ჭირს ზუსტი სიტყვების მოძებნა, რომ ბოლომდე წაიკითხონ, ყალბ პათეთიკად არ მიიჩნიონ, ჭკუა ბებიაშენს დაარიგე!" - არ თქვან. არა, თუ ანდერძი ძალიან კონკრეტულია: ხუთოთახიან ბინას ვაკეში ვუტოვებ ამას", ლექსუსს- იმას", აგარაკს კი-..." კი ბატონო, ასეთი ანდერძი უფრო ადვილი წასაკითხია და რა დაძალება უნდა! ისე, კაცმა რომ თქვას, მცირექონებიანებმაც მართლა უნდა განვკარგოთ ქონება ანდერძით, წესრიგი რომ არ დაირღვეს ჩვენს მერე, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვაპირებთ სიკვდილს ხვალ-ზეგ!? ასეთი თადარიგიანობით ქართველობას ხომ არ ვუღალატებთ!!?...

მოკლედ, შვილებო- ჩემო, ჩემი მეგობრების, ნაცნობების, თანამემამულეების- ამ ჯერზე ანდერძად მხოლოდ სიტყვებს გიტოვებთ. თქვენი საქმეა, დამიჯერებთ თუ არა. თუმცა არ დავმალავ- ამაზე მეტად არაფერი მინდა თქვენს გონებას ჩაეჭიდოს და მეც სათქმელი სწორად ვთქვა:

- ბოლო თვეა, კლინიკის სტაფის არასამედიცინო ნაწილი, ერთი X-დღისთვის ვასრულებდით ინტერიერთან დაკავშირებულ დიდ ფართობის სამუშაოებს, ძალიან კრეატიული გადაწყვეტებით. სამუშაო მოითხოვდა ამ საქმეში მთლიანად, მთელი გულით გადავარდნას- სრულ ძალისხმევას, უმეტესად სამუშაო საათების უგულველყოფასაც. ასეთი საერთო საქმის კეთებისას ძალიან კარგად ჩანს ვინ რას აკეთებს, ვინ რამდენს დებს, ვინ საჩკაობს".. აი აქ მინდა ანდერძის პირველი პუნქტი ვთქვა: არ არსებობს იმაზე დიდი თანადგომის განცდა, ვიდრე ერთად საქმის კეთებისას ერთგულებაა! როცა იცი არ გიღალატებს, მხარს არ გამოგაცლის, თავს არ დაზოგავს მიზნისთვის... შეგიძლიათ ასეთ ადამიანს პატივი არ სცეთ, რაიმე სუბიექტური მიზეზის გამო სხვა ამჯობინოთ, როცა მისი დაწინაურების საშუალება გექნებათ? -მე არა მაგრამ ის..?" თუ შენ არა, შვილო, მაშინ რატომ გგონია მამების თაობა, ან ნებისმიერი სხვა თაობის ადამიანი, მაღალ პოზიციაზე მყოფი, შენზე უფრო ცუდი, ნაძირალა, დაუნახავი? კიდევ მეტი- ისეთი სულელი, რომ ადამიანს, რომელიც გულს დებს საქმეში, ფუქსავატი კაიბიძიანი" ამჯობინოს??

პუნქტი2. -კერძო ბიზნესში ეს სრულიად გამორიცხულია, მთელი ახალგაზრდობა სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და იმ დროსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნიჭს და შრომას. თუმცა, ჩაწყობაც ბევრი იყო. მაგრამ ახლა..

ახლა ვინც ფიქრობთ, რომ შრომას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს-„მაინც ვერავინ ვერაფერს დაინახავს" ან პირიქით- ვინ შეგვამჩნევს კაცო საჩკაობას, ამ ხელფასზე თავი რატონ უნდა მოვიკლა-ამოხტება პუნქტი 3:-ან მართლა არ აკეთებთ რამე ღირებულს, ან დარწმუნებით გეტყვით- წაგებული პოზიციიდან, უფრო ზუსტად- ჩასვრილი პოზიციიდან იწყებთ და ვერსად ვერაფერს ვერ მიაღწევთ!

პუნქტი4:რაც არ უნდა დიდ კომპანიაში იყოთ უმნიშვნელო პოზიციაზე, ჩათვალეთ რომ თქვენი ბიზნესი გაქვთ! ის რასაც აკეთებთ- ექთანი ხართ, თუ კალატოზი- თქვენი ბიზნესია! ბიზნესი, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი ფინანსური კეთილდღეობა და რაც უფრო გულმოდგინედ გააკეთებთ- მით უფრო კარგი ფინანსური წარმატება გელით!

ეს პუნქტები ძალიან დიდი ხნის გამოცდილია- მიწის მუშაზეც, ექიმზეც და მსახიობზეც. არ ვიცი, მარკიზ დე სადის მებაღე დაფასდა თუ არა (იყო კი კაი მებაღე?), მაგრამ რაც ბაზარზე თავისუფალი ნების მქონე სამუშაო ძალა გამოჩნდა- მას შემდეგ ნამდვილად მუშაობს ყველა ეს პუნქტი და შ რ ო მ ა ყოველთვის ფასდება!“ - აღნიშნავს დავით გადელია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედის გული მართლაც საგანგებო გულია, მამას არ აქვს ეს გული,“ - შალვა ამონაშვილი

„დედის გული მართლაც საგანგებო გულია, მამას არ აქვს ეს გული,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედის განსაკუთრებულ უნარებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის გული შვილის გასაჭირს გრძნობს:

„დედის გული კიდევ რა არის? დედის გული მართლაც საგანგებო გულია. მამას არ აქვს ეს გული, მაგრამ მამას აქვს სიბრძნე. ​დედას წინათგრძნობა აქვს გულში, ამიტომ უნდა დაიცვას ბავშვი. ჩვენ ბავშვების დამცველები ვართ. უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ხიფათი არ მოუვიდეს. მნიშვნელოვანია, როგორ დაიცავ ბავშვს. შეიძლება იძულებით დაიცვა, შეიძლება ცხრაჯერ აუხსნა, ცრემლებით შეეხვეწო, დაანამუსო.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებმა შვილები ხიფათისგან უნდა დაიცვან:

„რასაკვირველია, ბავშვს ბევრი ხიფათი ელოდება, ძალიან ბევრი და თუ მამა არ დაიცავს, ვინ არის სხვა დამცველი?! დედის გულმა სულ უნდა იგრძნოს ბავშვის მოძრაობა. მე მშვენიერი რძალი მყავს თამრიკო. გული აქვს ასეთი: ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს ჩემს შვილიშვილს და მაინც ავადაა. არავინ არ იცის რატომ. ექიმები იფიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. მარტო ერთმა დედამ იცის, რომ ოპერაცია სწორად არ შედგა. ექიმებს ხელახლა გააკეთებინა ოპერაცია. ტამპონი აღმოჩნდა შიგ ჩარჩენილი. განა დედა ოპერაციას ესწრებოდა?!“

​ხანდახან მკაცრად უნდა უთხრა ბავშვს: „შვილო, მე შენ ამას გიკრძალავ! გთხოვ, რომ ეს არ გააკეთო! დამიჯერე თუ შეიძლება.“ თუ გაქვთ სიყვარული, ბავშვი დაგიჯერებს. თუ არ გაქვთ სიყვარული, ბავშვი თავს დაგიქნევს, იმიტომ, რომ ეშინია. რატომ მიდის ქალი მეგობართან, რომ რაღაც უთხრას? იმიტომ, რომ შეიმსუბუქოს, რაც აწუხებს. მშვიდდები და შეიძლება ის ნაბიჯი არ გადადგა, რასაც გამწარებული გადადგამდი. რატომ არ გვანდობენ ბავშვები ბევრ რამეს? იმიტომ, რომ მე ჩემი პრინციპით მინდა ბავშვი გაიზარდოს, იმას კი თავისი გზა აქვს,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად