Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში, ჩვენი ოთხი უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით,“- გია ბაღაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ

„ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში, ჩვენი ოთხი უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით,“- გია ბაღაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ

მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მეუღლესთან დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის.

რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას, დიახ ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ ეს შევძელით. გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.

მიუხედავად დაშორებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვისათვის.

ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს,“- წერს გია ბაღაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად