Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სერიოზული გარღვევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ეს სერიოზული გარღვევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოში შემოსული მონოკლონური ანტისხეულების შესახებ ისაუბრა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აღნიშნული მედიკამენტების ეფექტიანობას გაუსვა ხაზი:

„გეტყვით იმ წამლების შესახებ, რომელიც უკვე შემოვიდა ქვეყანაში. ამ მედიკამენტების გამოყენება უკვე 10 ნოემბრიდან დაიწყება. ეს არის ორი ჯგუფის მედიკამენტი. პირველი განსაზღვრულია შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისთვის. ეს არიან პაციენტები, რომლებიც ბინაზე არიან და მათთან ერთჯერადი ინტრავენური გადასხმით შეიძლება თავიდან ავიცილოთ დამძიმება.“

ივანე ჩხაიძის თქმით, მეორე ჯგუფის ანტისხეულები ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი:

​მეორე ჯგუფი არის ის მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს და მათში ავიცილოთ დაავადების მძიმე მიმდინარეობა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გარღვევაა, კიდევ ერთი სერიოზული ინსტრუმენტია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

„სხვა სახის მედიკამენტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ცოტა ​ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში ეს მედიკამენტები საქართველოში შემოვიდეს იმ რაოდენობით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეყოს. ჯერჯერობით ჩვენ ვრჩებით ვაქცინაციის იმედად და მხოლოდ ეს არის ჩვენი რესურსი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.

წყარო: ​მედიაჰოლდინგი „კვირა“


წაიკითხეთ სრულად