Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კარგი ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გზა მისი გაბედნიერებაა,“ – 10 გამონათქვამი ბავშვის აღზრდაზე

„კარგი ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გზა მისი გაბედნიერებაა,“ – 10 გამონათქვამი ბავშვის აღზრდაზე

​მშობლობა რთული პროფესიაა, რომლის ათვისება ადამიანებს ხშირად ძალიან უძნელდებათ. ჩვენს სტატიაში ბავშვის აღზრდაზე 10 ცნობილ გამონათქვამს გაგაცნობთ, რომელიც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. 

  • 1. „ბავშვი აღიზრდება იმის შესაბამისად, თუ როგორები არიან ზრდასრულები და არა იმის მიხედვით, თუ რას ამბობენ ისინი,“ - კარლ იუნგი.
  • 2. „მშობლებს შეუძლიათ სწორ გზაზე დააყენონ შვილები და მათ კარგი რჩევები მისცენ, თუმცა ადამიანის ხასიათის საბოლოო ჩამოყალიბება მხოლოდ მის ხელშია,“ - ანა ფრანკი.
  • 3. „ბევრად ადვილია ძლიერი ბავშვის აღზრდა, ვიდრე გაუბედურებული ადამიანის გაბედნიერება,“ - ფრედერიკ დუგლასი
  • 4.​ „კარგი ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გზა მისი გაბედნიერებაა,“ - ოსკარ უაილდი
  • 5. „თუ ადამიანი შეძლებს საკუთარი ენთუზიაზმი მემკვიდრეობით გადასცეს შვილებს, გარდაცვალების შემდეგ ის მათ შეუფასებელ ქონებას დაუტოვებს,“ - თომას ედისონი
  • 6. „დროა მშობლებმა შვილებს ასწავლონ, რომ ძალა და სილამაზე მრავალფეროვნებაშია,“ - მაია ანჯელოუ
  • 7. „ამქვეყნად ბევრი კარგი რამ არის, მაგრამ ბოროტებაც არსებობს. თქვენს შვილს სიკეთეს არ უკეთებთ, როდესაც რეალობისგან მის დაცვას ცდილობთ. მთავარია, ბავშვს ასწავლოთ, რომ სიკეთე ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს,“ - უოლტ დისნეი
  • 8. ​„ბავშვები ბუნებრივად იმეორებენ მშობლების ქცევას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ეცდებით, რომ მათ კარგი მანერები ასწავლოთ,“ - მარკ ტვენი
  • 9. „ბავშვების აღზრდას დიდი გამბედაობა სჭირდება,“ - ჯონ სტეინბეკი
  • 10  „ბავშვმა მშობლებისგან ორი რამ უნდა მიიღოს: ფესვები და ფრთები,“ - იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

წყარო:​ Education.com

წაიკითხეთ სრულად