Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ საუკეთესო დედა ხართ

8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ საუკეთესო დედა ხართ

დედასთან ახლოს ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის ​ბედნიერების და სიხარულის მომნიჭებელია. ჩვენს სტატიაში საუკეთესო დედებისთვის დამახასიათებელ 8 ნიშანს გაგაცნობთ. ბევრი თქვენგანი ამ დახასიათებაში საკუთარ თავს ამოიცნობს.

1. ბავშვს, რომელსაც საუკეთესო დედა ჰყავს, ზამთარში გარეთ ყოფნისას არასდროს სცივა, რადგან დედა ყოველთვის ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე.

2. საუკეთესო დედა ყოველთვის ამზადებს გემრიელ საჭმელს, როდესაც ბავშვები სადმე მიდიან, რათა დარწმუნდეს, რომ მათ ნოყიერი საგზალი ექნებათ თან.

3. ​დედა საუკეთესო მაღვიძარაა, რომელიც სამყაროში არსებობს. ის მოფერებით აღვიძებს შვილებს, რათა მათთვის გაღვიძების პროცესი სტრესული არ იყოს.

4. საუკეთესო დედამ ყოველთვის იცის, სად არის ნივთი, რომელიც ბავშვმა დაკარგა და რომლის პოვნას სხვა ვერავინ ახერხებს.

5. საუკეთესო დედა ყოველთვის გამონახავს დროს, რომ ​სევდიანი შვილი დაამშვიდოს. ის მას ჩაეხუტება და ანუგეშებს, დედა ყოველთვის შვილის გვერდით არის, როდესაც მას უჭირს.

6. დედა არასდროს წყვეტს შვილებზე ფიქრს და გამუდმებით ღელავს მათზე, რადგან შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასია.

7. საუკეთესო დედა აუცილებლად მისცემს შვილებს ​თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას წავიდნენ იქ, სადაც მოესურვებათ, რათა ოცნებები აისრულონ, ამასთან ის აკურატულად ჩაალაგებს მათთვის ბარგს, რათა ყველა მნიშვნელოვანი ნივთი თან ჰქონდეთ.

8. მხოლოდ დედის მაცივარში იპოვის შვილი ყველა მისთვის საყვარელ პროდუქტს ისე, რომ მისთვის ამის თხოვნაც კი არ დასჭირდება.

შვილები ​დედებს ხშირად არ ეუბნებიან, თუ როგორ უყვართ ი​სინი. ამის თქმა არ უნდა დაგვავიწყდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ დედა ყოველთვის საუკეთესოა.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად