Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ შენი შვილი გაზარდონ,“- ნატალია ქუთათელაძე

„როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ შენი შვილი გაზარდონ,“- ნატალია ქუთათელაძე

მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ ბავშვის აღზრდისა და ბავშვზე ზრუნვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილზე ზრუნვა დედისა და მამის ვალდებულებაა:

„მე ვიცოდი, რომ 29 წლის ასაკში როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ მათ გადადონ თავიანთი ცხოვრება და შენი შვილი გაზარდონ. მე ვთვლი, რომ მე და ჩემმა მეუღლემ უნდა გავზარდოთ ბავშვი. დამხმარე ადამიანის გარეშე ფიზიკურად ვერ გავძლებ. არ გამომივა პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი იქნება ჩემს გვერდით, მე მინდა, რომ ის უბრალოდ იყოს ჩემი დამხმარე და არა ბავშვის აღმზრდელი."

„დღევანდელ დღეს, როდესაც ყველას თავისი საქმე აქვს, რთულია თანაბრად გადაანაწილო ბავშვთან ურთიერთობა და საქმე. მე ასეთი განწყობა მაქვს, რომ სანამდეც შევძლებ თან მყავდეს ბავშვი და თან ვატარო. მე ვთვლი, რომ მთავარია დედასთან იყოს ბავშვი. მე ძალიან მომწონს დისციპლინა. მომხრე ვარ რეჟიმის, მაგრამ თანახმა ვარ დავხუჭო თვალი, აერიოს რაღაცები ბავშვს, მაგრამ იყოს ჩემთან ერთად. ვთვლი, რომ ჩემნარიად ვერავინ ვერ მოუვლის, ვერავინ ვერ აბანავებს, ვერ ჩააცმევს,“- აღნიშნულ საკითხზე ნატალია ქუთათელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად