Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა ძუძუს აწოვებდა ბავშვს ავტომობილში და ჩვილი დაიღუპა,“- ლანა გიორგიძე ბავშვთან ერთად მგზავრობისას უსაფრთხოების წესების დარღვევის სავალალო შედეგებზე საუბრობს

„დედა ძუძუს აწოვებდა ბავშვს ავტომობილში და ჩვილი დაიღუპა,“- ლანა გიორგიძე ბავშვთან ერთად მგზავრობისას უსაფრთხოების წესების დარღვევის სავალალო შედეგებზე საუბრობს

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „Your Car Seat”- წარმომადგენელმა ლანა გიორგიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ბავშვების დაღუპვის საზარელი ფაქტების შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ბავშვთან ერთად მგზავრობისას უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვის მნიშვნელობას:

„ქობულეთში მოხდა ასეთი შემთხვევა. როდესაც მამას ბავშვი რამოდენიმე ნაბიჯზე უნდა მიეყვანა. ბავშვი გადმოიყვანა და წინა სავარძელზე დასვა. შემთხვევით მას დამუხრუჭება მოუხდა. აირბაგი გაიხსნა და ბავშვი გაიგუდა.“

„გასულ წელს დედა ძუძუს აწოვებდა ბავშვს ავტომობილში და ჩვილი დაიღუპა, რადგან ძალიან საშიშია ბავშვის ამოყვანა სამგზავრო სავარძლიდან და მოძრავ ავტომობილში მისი კვება. ნუ გავიმეტებთ ჩვენს შვილებს და ნუ ვიქნებით ამ სტატისტიკის ნაწილი,“ - აღნიშნა ლანა გიორგიძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად