Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დილის საათებში არ არის ცივი წყალი რეკომენდებული, რადგან ამ დროს ორგანიზმის ტემპერატურული მაჩვენებლები ცოტა მაღალია,“ - შოთა ჯანჯღავა

„დილის საათებში არ არის ცივი წყალი რეკომენდებული, რადგან ამ დროს ორგანიზმის ტემპერატურული მაჩვენებლები ცოტა მაღალია,“ - შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ დილას ჯანსაღი საუზმის მნიშვნელობასა და იმ ძირითად წესებზე ისაუბრა, რომლებიც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დილაობით უნდა დავიცვათ:

„წყალი კვებასთან არ უნდა იყოს ასოცირებული. დაცილება უნდა იყოს 10-15 წუთი მაინც. ​გაღვიძებისთანავე რეკომენდებულია ერთი ჭიქა წყლის მიღება. გასათვალისწინებელია ასევე სუნთქვის საკითხიც. თუ ადამიანი პირით სუნთქავს, ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი წყალი მისაცემი. თუ ცხვირით სუნთქავს, ერთი ჭიქა სრულიად საკმარისია. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ჩვენი ორგანიზმი როდესაც იღვიძებს, მით უმეტეს, დილის საათებში არ არის ცივი წყალი რეკომენდებული, რადგან ჩვენ საწოლიდან ვდგებით და ტემპერატურული მაჩვენებლები ცოტა მაღალია დილის საათებში სხვა პერიოდთან შედარებით.“

შოთა ჯანჯღავას თქმით, საუზმობისას ყველაზე კალორიული პროდუქტების მიღებაც ნებადართულია:

„საუზმის პერიოდში ჩვენ შეგვიძლია ყ​ველაზე კალორიული პროდუქტების მიღებაც. არ არის აუცილებელი ნოყიერება განისაზღვროს შესახედაობის თვლასაზრისით. შეიძლება ულუფა ზომით პატარა იყოს, მაგრამ შემადგენლობა იყოს კარგი. დილის საათებში რეკომენდებული არ არის სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების მიღება, როგორიცაა: შოკოლადი. სჯობს, რომ უფრო რთული ნახშირწყლები შევარჩიოთ, როგორიცაა ფაფა. თუ ადამიანს ფაფა არ უყვარს, ცილოვანი პროდუქტებიც ძალიან კარგად შეგვიძლია მივიღოთ. დილას ხორციც დაშვებულია, სხვათა შორის. ორთქლზე მომზადებული კატლეტიც რომ მივირთვათ დილას, დასაშვებია.“

შოთა ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ დილის მხოლოდ ყავით დაწყება არ არის სასარგებლო:

„ღამის პერიოდში კუჭის წვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გროვდება და მას სჭირდება დილას განეიტრალება. ჩვენ თუ დილას მხოლოდ ყავას მივაწვდით მას და სხვას არაფერს, ამით საკმაოდ გავაღიზიანებთ, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ასევე ნაღვლის ბუშტსაც. როდესაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზმს მივაჩვევთ, რომ ის არ იკვებება, რა თქმა უნდა, ამ ქცევას დაისწავლის. ადამიანმა დილას რაღაც რომ ჭამოს, გულისრევის შეგრძნება გაუჩნდება და ა.შ. სჯობს, რომ ჩვენ მივაჩვიოთ და ვასწავლოთ ორგანიზმს. ​ორგანიზმს სწავლა სჭირდება 3-4 კვირა, რომ თვითონ მოგვთ​ხოვოს საკვები ნივთიერებები. ასეთ დროს თუნდაც ნახევარი ბანანი რომ შეჭამოს ადამიანმა, ამის შედეგად ქცევა ჩამოუყალიბდება ორგანიზმს და ქცევა რომ ჩამოყალიბდება, როდესაც გაიღვიძებს, თვითონვე შეჭამს. თუ დილას გულის რევის შეგრძნება აქვს ადამიანს, ასეთ შემთხვევაში სჯობს თავიდან წყალი დავახმაროთ, რომ მიეჩვიოს ორგანიზმი და მერე ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი.“

„ძალიან კარგია დილის საათებში ხილის მიღება. არ არის რეკომენდებული მივიღოთ ისეთი ხილი, რომელიც კუჭ-ნაწლავს აღიზიანებს, როგორებიცაა ციტრუსები. ფრეშის დალევა დიდად რეკომენდებული არ არის. თუ იქნება კენკრა, ბანანი, ვაშლი ძალიან კარგია. ყველაზე კარგია, რომ ჯერ დავიწყოთ ხილით, ის მონელებისთვის კუჭ-ნაწლავს უფრო ამზადებს, ​შემდეგ კი დავამატოთ სხვა პროდუქტი. დილაობით შეგვიძლია მანგოც მივირთვათ, ანანასიც. თავისუფლად შეიძლება რძე, ხაჭო, მაწონი, კეფირი, იოგურტი. მოვერიდოთ ძალიან მარილიან ყველს დილაობით. შეიძლება ცოტა შეშუპებითი პროცესები მოგვცეს დღის განმავლობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად