Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოჯახებში, სადაც ეწევიან თამბაქოს, მეტი პროცენტულობით გვხვდება ხშირად მოავადე ბავშვები,“- პედიატრი ნანა ტეფნაძე

„ოჯახებში, სადაც ეწევიან თამბაქოს, მეტი პროცენტულობით გვხვდება  ხშირად მოავადე ბავშვები,“- პედიატრი ნანა ტეფნაძე

პედიატრმა ნანა ტეფნაძემ ბავშვებთან ერთად სახლში მოწევის დამაზიანებელ შედეგებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმ ოჯახებში, სადაც უფროსები ეწევიან ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ცხოვრობენ, ხშირად მოავადე ბავშვები ხშირად გვხვდებიან:

„სახლში ნამდვილად არ უნდა ეწეოდნენ თამბაქოს. ასეთი ოჯახებიდან ძალიან ხშირია ხშირად მოავადე ბავშვები, ვინაიდიან ისინი არიან პასიური მწეველები. ჩვენ ვთქვით, რომ ექვს წლამდე სრულად უყალიბდება ბავშვს იმუნიტეტი და როდესაც იმუნიტეტი ყალიბდება, ბავშვი გარემოსთან არის შეხებაში, ამ დროს ჩვენ გვყავს სახლში მწეველი ან ქრონიკული დაავადების მქონე პირი, აქ ხშირად მოავადე ბავშვთა პროცენტი მეტია.

ქრონიკულ დაავადებებში ვგულისხმობ ქრონიკულ ბრონქიტს, ფილტვის რომელიმე დაავადებას, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს, ტონზილიტებს. ბავშვი, რომელიც იმუნიტეტს იყალიბებს, აუცილებლად არის რისკის ქვეშ. მით უმეტეს, თუ ის ამავე დროს დადის ბაღში. მე ძირითადად სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე მაქვს გათვლა,“- მოცემულ საკითხზე ნანა ტეფნაძემ „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საზოგადოებრივი რადიო“

წაიკითხეთ სრულად