Baby Bag

ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

„მინდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას: 2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ორი მათგანი შენდება გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარი. ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1500 -მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ჩვენ ვიცით, რომ დიდია მოთხოვნა, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ეხმაურება ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო საბავშვო ბაღებში შესული ხორცის არადამაკმაყოფილებელ ხარისხსა და პროდუქტის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე:

გთავაზობთ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას უცვლელად:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო საბავშვო ბაღებში შესული ხორცის არადამაკმაყოფილებელ ხარისხზე და პროდუქტის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე, რაც არის სიცრუე და კონკრეტული ინტერესების მქონე რამდენიმე პირის უსაფუძვლო ბრალდებებზე დამყარებული განცხადება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის 180 საჯარო ბაგა-ბაღში შესული თითოეული სახეობის პროდუქტი აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გადის ყველა მაკონტროლებლის მიერ კანონით დადგენილ შემოწმებას, არის ლაბორატორიულად შემოწმებული, სერტიფიცირებული და შესაბამისად, სრულიად უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტი.

საჯარო ბაღებში მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია კვების ბლოკის კონტროლზე და მათი მონიტორინგის გარეშე საბავშვო ბაღში არ ხვდება შეუსაბამო ხარისხის საკვები პროდუქტი.

საბავშვო ბაღებში პერმანენტულ მონიტორინგს ახორციელებს უშუალოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება, რომლის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მომწოდებელი კომპანიისა თუ მისი კონტრაქტორების მიერ პროდუქტის წარმოება მუდმივად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაზეც საუბარი იყო ამავე რეპორტაჟში.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ რეპორტაჟის ავტორს არ მიუმართავს თბილისის მერიისთვის ან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსათვის აღნიშნულ საკითხის განმარტების მიზნით.

აშკარაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, „ანტიკორუფციული კავშირისა“ და „მონიტორინგის ცენტრის“ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი აღსაზრდელების მშობლებში, პანიკის გამოწვევა.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ეხება ამ უაღრესად სენსიტიურ საკითხს, საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების კვებას, გადაამოწმონ თბილისის მერიის ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

წაიკითხეთ სრულად