Baby Bag

3 შეცდომა, რომელსაც მშობლების უმეტესობა შვილის ბაღში პირველად მიყვანის დროს უშვებს

3 შეცდომა, რომელსაც მშობლების უმეტესობა შვილის ბაღში პირველად მიყვანის დროს უშვებს

16 სექტემბერს ბაღებში არაერთი ბავშვი წავა პირველად. პატარებისთვის ახალ გარემოსთან შეგუება არ არის მარტივი. ამ პროცესს კი ხშირად მშობლები კიდევ უფრო ართულებენ შეცდომებით, რომლებსაც არცოდნის გამო უშვებენ.

ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის  ​„დიალოგ​ის“ ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი გვესაუბრა იმ სამ გავრცელებულ შეცდომაზე, რომელიც მშობლებს შვილის ბაღში პირველად მიყვანისას მოსდით:

1. ბავშვის ტირილის იგნორირება

თუ ბავშვი ტირის, არ ჩერდება, აუცილებლად შეყევით ბაღში და მასთან ერთად იყავით ცოტა ხანი. უცხო ადამიანებთან და უცხო გარემოსთან ადაპტირება პატარებს განსაკუთრებით უჭირთ - ღიზიანდებიან, ტირიან. მართალია, მათ მოსწონთ ბაღის სიტუაცია (სათამშოები, ყურადღებიანი აღმზრდელები, ბავშვები), მაგრამ აქვთ შიში, რომ მშობლების გარეშე დარჩებიან. სწორედ ეს შიში გახლავთ ჭირვეულობის მიზეზი. პირველ დღეებში თუ ბავშვი ძალიან განიცდის, შესაძლებელია, ცოტა ხანი მშობელიც მასთან ერთად იყოს ბაღში, თუმცა ეს არ უნდა გაგრძელდეს დიდ ხანს, რადგან მერე უფრო გართულდება შეგუება.

2. პირველ დღეს ბავშვის მთელი დღე ბაღში დატოვება

ბაღში პირველად წასვლა განცდებთან არის დაკავშირებული. პატარები რომ არ გადავტვირთოთ ზედმეტი ემოციებით, მიაკითხეთ უფრო ადრე და სახლში წაიყვანეთ. ბაღში ადაპტაციის პროცესი შეიძლება მშობლების დაგვიანებამ გაართულოს. ეს რომ არ მოხდეს, ბავშვის ბაღში ყოფნის პირველი დღეები უფრო ხანმოკლე უნდა იყოს.


3. ბაღში სიარულის სანაცვლოდ ყოვედღიური წახალისების შეპირება

შეცდომაა, როდესაც მშობლები ბაღში სიარულის სანაცვლოდ, ბავშვს ყოველდღიურად წამახალისებელ ჯილდოს აძლევენ. შესაძლოა, კვირაში ერთხელ წავახალისოთ ბავშვი ბაღში სიარულისა და კარგად მოქცევისთვის, თუმცა ზოგიერთი მშობელი ბაღიდან გამოყვანისთანავე შვილს ჯილდოს სახით ხან კანფეტებს აძლევს და ხან სათამაშოებს. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ბაღში სიარული აუცილებელია და ასეთი აუცილებელი რამეების გამო, მას მომავალში არავინ დააჯილდოებს.

სასურველია, სანამ ბავშვს ბაღში მიიყვანთ, დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად მზად არის ​​ამისთვის.​

შეიძლება დაინტერესდეთ

15 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყება

15 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება, -  ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.

„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, - განმარტა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.

„დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი - 1კგ, ფქვილი - 1 კგ, შვრია - 1კგ, მაკარონი - 1კგ, ხილფაფა - 1 ქილა, ზეთი - 1 ლ, კვერცხი - 6ც, ჩაი - 1 კოლოფი, ყველი - 0,5 კგ, რძე - 2 ლ. თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება“, - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად