Baby Bag

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ნივთები ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური იქნება, რათა საერთო საგნების მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს. გვანცელაძის ინფორმაციით, მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით კომპანია მოემსახურება.

ამასთან, კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება.

კახა გვანცელაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ – ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება ეკიპირებული თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. კარგი ამინდის შემთხვევაში კი სააღმზრდელო პროცესი ეზოში გადაინაცვლებს.

გვანცელაძის განცხადებით, სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

გვანცელაძის თქმით, რეგულაციების შესრულება სააგენტოს 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

აბორტი შესაძლოა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს

აბორტი შესაძლოა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

მან „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები უკვე დაარეგისტრირა.

კანონპროექტის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

წარმოდგენილი პროექტით, ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, კანონპროექტით აიკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა. 

როგორც პროექტშია აღნიშნული, ყველა სხვა შემთხვევაში კი ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა იკრძალება და აღნიშნული ქმედება ხდება დასჯადი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით.

„სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას მძლავრი ბერკეტები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. მას აკისრია ნეგატიური ვალდებულება, არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, პოზიტიური კი ავალდებულებს, იზრუნოს სიცოცხლისთვის და არ დაუშვას სხვა პირთა მხრიდან მისი ხელყოფა.

კანონპროექტის არსს წარმოადგენს სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა და იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან, ამ შემთხვევაში დაიცვას ბავშვთა სიცოცხლე მათი ჩასახვის მომენტიდან“, - განმარტავს ალექსანდრე ერქვანია.

წაიკითხეთ სრულად