Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობასაც ვარაუდობენ''

,,AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობასაც ვარაუდობენ''

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ორი ვაქცინის - AstraZeneca-სა და Pfizer-ის შერევის თემაზე საუბრობს. MomsEdu.ge მის ნათქვამს უცვლელად გთავაზობთ:

,,არ წყდება კითხვები ჩემს ინბოქსში, ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით. ვადევნებ თვალს, საქართველოში, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან როგორ მიდიოდა პროცესი დასაწყისიდანვე. ალბათ, ბევრს გაგახსენდებათ ჩემი პასუხი კითხვაზე, როდისაა AstraZeneca-ს მეორე დოზა რეკომენდირებული? ხშირად მითქვამს, კვლევებში ნაჩვენები იდეალური ინტერვალი 12 კვირაა თუმცა, გაითვალისწინეთ, საქართველოში ცხოვრობთ და სანამ ინტერვალს კვლევის მიხედვით შეარჩევთ დარწმუნდით რომ იმ დროისთვის მეორე დოზა იქნება... სამწუხაროა რაც ახლა ხდება, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ამ დროისთვის უკვე არასებობს ვაქცინების შერევის პრაქტიკა რანდომიზირებულ კვლევაში და კვლევის წინასწარი შედეგიც საიმედოდ გამოიყურება. AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით, უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობასაც ვარაუდობენ.

მთავარია, ყველას გვესმოდეს პრევენციის წესების დაცვის აუცილებლობა. თუ ვერ ვისწავლით ამ ვირუსთან თანაცხოვრებას, უსაფრთხოების წესების დაცვით, სამწუხაროდ, მხოლოდ ვაქინაცია არ არის გამოსავალი. მუტაცია ვირუსს აძლევს საშუალებას თავი ნაწილობრივ მაინც დაიცვას ჩვენი იმუნიტეტისგან. მითუმეტეს იმ გარემოში სადაც 2%-ზე ნაკლებია აცრილი, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. სახელმწიფოსთვის კი დღეში 20-30 ადამიანის სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკაა და არა ცალკეული ადამიანების ტრაგედია.

ნუ იქნებით ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის იმედად.

პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი. 


წაიკითხეთ სრულად