Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეს გუშინდელთან შედარებით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნაკლები რაოდენობაა დაფიქსირებული

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 92 215-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 17 652 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 938 პირი, აჭარაში - 14 779, იმერეთში - 5 243“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ნოემბერს, ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3 531 იყო. 

წაიკითხეთ სრულად