„სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახლო მომავალში სტუდენტურ კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტუდენტური ქალაქი თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.
„პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24 საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები. სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით არა მხოლოდ თსუ-ს, არამედ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ისარგებლებენ,“ - დასძინა მინისტრმა.