საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკომისიასთან ერთად აქტიურად დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ იმავე პირობებით ისარგებლონ, როგორითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, რაც ქართველი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლას მნიშვნელოვნად გააიაფებს.
შესაბამისად, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ანალოგიური პირობების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა გააუმჯობესოს თანამშრომლობის შესაბამისი პლატფორმები ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, რათა უზრუნველყოს ფასთა მიმართებაში თანაბარი მიდგომა ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება სურთ.