Baby Bag

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბოდიშს მოუხდი ბავშვს, მას თვალები სხვანაირად აენთება, ეს იმის საწყისია, რომ ბავშვმა მოგვისმინოს,“ - პაატა ამონაშვილი

„როდესაც ბოდიშს მოუხდი ბავშვს, მას თვალები სხვანაირად აენთება, ეს იმის საწყისია, რომ ბავშვმა მოგვისმინოს,“ - პაატა ამონაშვილი

​ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვებისთვის ბოდიშის მოხდის სწავლების და მიტევების უნარის გამომუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მშობლის მაგალითი ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილია:

„ალბათ, სანამ ვინმეს ვასწავლით, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ეს აღზრდის ამოსავალი პრინციპია. იმ ოჯახებში, სადაც მშობლებმა კარგად იციან არამხოლოდ ბოდიშის მოხდა, არამედ შინაგანი მიტევების განცდაც აქვთ, ბავშვები ამას ავტომატურად ითვისებენ. მოდი, ჯერ ჩვენ ვისწავლოთ მიტევება. ხანდახან ძალიან გვიჭირს ხოლმე, რომ ვაპატიოთ, მივუტევოთ, შევუნდოთ. ეს გვიჭირს. თუ ჩვენ ვისწავლით ამას, ​ეს ბავშვებსაც გადაეცემათ როგორც კარგი ვირუსი. როდესაც ბოდიშს მოუხდი ბავშვს, მას თვალები სხვანაირად აენთება. ეს არის ურთიერთობის შეცვლა, ეს იმის საწყისია, რომ ბავშვმა მოგვისმინოს. თუ ვგრძნობთ, რომ ბავშვთან შევცდით, რაღაცას შევპირდით და არ გავაკეთეთ, არ არის საჭირო მიკიბ-მოკიბვა, სჯობს ბავშვს პირდაპირ ვუთხრათ და ვთხოვოთ პატიება, ბოდიში მოვუხადოთ. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ბავშვმა თვითონაც შეძლოს იმავეს გაკეთება. “

პაატა ამონაშვილის თქმით, ბავშვისთვის ცუდი საქციელის მნიშვნელობის ახსნა საყვედურის გარეშეც შეიძლება:

​როდესაც ბავშვს საყვედურს ვეუბნებით, ვასწავლით, როგორ თქვას საყვედური. თუ არ გვინდა, რომ ბავშვებმა ჩვენგან საყვედურის თქმა ისწავლონ, ცუდი საქციელის ახსნის სხვა ფორმებიც არსებობს, მაგ. კეთილი საუბარი. დავსვათ ბავშვი, ჩავეხუტოთ, სიყვარული ავუხსნათ და მერე გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ არ მოგვეწონა მისი ქცევა, რატომ გვეწყინა, რატომ არის მიუღებელი.“

„ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ბედნიერი ადამიანები ვინც არიან, იმათ უფრო ადვილად შეუძლიათ პატიება და ბოდიშის მოხდა. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ პატიება ვთხოვოთ სხვებს, შესაძლოა, აგვიმაღლდეს ბედნიერების დონე და ბევრი რამისგან გავთავისუფლდებით კიდეც. რაც უფრო შევძლებთ, რომ ვაპატიოთ, მით უფრო ბედნიერები ვხდებით, პირველ რიგში, ჩვენ. ​ურთიერთობებს კი ვარეგულირებთ, სხვებსაც ვახარებთ, მაგრამ ჩვენი შინაგანი ბედნიერების დონეც მაღლდება. ახალი წლის წინა დღეები არ არის საუკეთესო დრო, რომ თუ ვინმეზე ნაწყენები ვართ, ვაპატიოთ, თუ ვინმეს ვაწყენინეთ, წავიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ?! თუ ბოდიშის მოხდა გვიჭირს, შეგვიძლია წერილი დავწეროთ და ჩამოვაყალიბოთ სათქმელი. ჩამოყალიბებული აზრები უფრო კონცენტრირებულია, შეცდომებისგან თავისუფალია, შეგვიძლია წავშალოთ და თავიდან დავწეროთ. ზეპირ ლაპარაკს ვერ წაშლი, რაღაც თქვი და ამოვიდა. რაც დაწერილის სახით გვაქვს გააზრებული, ის უფრო ღრმა გააზრებაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად