ნინო სუხიაშვილის ბლოგი
ნინო საქართველოდან - დიპლომატი. ბრატისლავა, სლოვაკეთი.
2022 წლის თებერვლის პირველი დღეებია. ბრატისლავაში ცივა. ქუჩაში ცოტა ხალხია და არცთუ ისე ბევრი მანქანა. ყურზე მჭიდროდ აკრული K95 სტანდარტის პირბადე ყოფიერებას აშკარად ამძიმებს. ევროპა პანდემიის ამ ეტაპზე მხოლოდ სქელ და მოკლე ზონრიან K95-ს აღიარებს და კიდევ კარგი, გარეთ მაინც შეიძლება მოიხსნა. მხოლოდ ევროპული ქალაქებისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეს საათში ერთხელ ეკლესიის ზარის წკრიალი არღვევს. მრავლისმნახველი დუნაიც ავისმომასწავებლად გარინდებულა. საღამოა. ცენტრალური ევროპის ჟამიანობის გამო დაცარიელებული ქალაქის მრავალჭირნახული ქუჩები, რაჭის გარეუბანი თუ კოხტა ტრამვაი ომის წინათგრძნობით არის სავსე. უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი აგრესიაა ჩვენი არაფორმალური საუბრის საგანიც. გარეთ ცრის და ცივა. გაჩაღებული ღუმელი სუსხიან ამინდთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის. საუბრის თემა შტრუდელის დასაგემოვნებლად სივრცეს არ ტოვებს. მხოლოდ აქაურ-რაჭული ღვინით სავსე ჭიქებს აკლდება მცირედი. „ომი, დარტყმა,პუტინი, ბლინკენი, ლავროვი, ზელენსკი...“ - ვერ იცვლება საუბრის თემა. „US secretary of state says Washington working to ‘prevent aggression’ as fears grow of an imminent Russian invasion of Ukraine. I believe he is only guy who can stop Putin” (აშშ სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ვაშინგტონი მუშაობს აგრესიის ასარიდებლად, რამდენადაც რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის საშიშროება იზრდება. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ადამიანია, ვისაც პუტინის შეჩერება შეუძლია) - იმედიანად ვეუბნები ჩემს სლოვაკ მეგობარს. “Unfortunately, no one can stop him” (სამწუხაროდ, მას ვეღარავინ შეაჩერებს), - ამბობს ნინო, სლოვაკეთში არსებული ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ქართველი თანამშრომელი. დიპლომატიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს და გვიხსნის, რომ ყველაზე უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად. ორიოდ კვირაში ჩვენი ოპტიმიზმი ნინოს პროფესიონალიზმთან მარცხდება. 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია წამოიწყო.
მარტა აშშ-დან. მაშველი. ნევადა, აშშ.
უკრაინის ომი საქართველოშიც შიშს და გაურკვევლობას იწვევს. ერთმანეთს აუწყო ცუდი ამბების კასკადი: ტანკების 50 კილომეტრიანი კოლონა კიევისკენ მიემართება. დასახლებულ პუნქტებში აფეთქებებია. კიევი 72 საათში დაეცემა. 23 თებერვალს, ომამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, ხაშურში ზუმით მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ კოლეგებს უკრაინის პარტნიორი ქალაქიდან. ხაშური და ზვიაგელი (2022 წლის 23 თებერვალს ქალაქს ჯერ კიდევ ნოვოგრად-ვოლინსკი ჰქვია) ლესია უკრაინკამ დაამეგობრა. ზვიაგელში დაბადებული ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალი სურამში გარდაიცვალა. 25 თებერვალს მისი დაბადების დღეა. სურამში აღმართულ ობელისკთან გვირგვინი მიგვაქვს. „იქ, უკრაინაში ჩვენი ბედიც წყდება,“ - ვამბობ სიტყვით გამოსვლისას და მთელი ენერგიით ვცდილობ, აკანკალებული ნიკაპი და გაბზარული ხმა ვერავინ შეამჩნიოს. საქართველოს არაერთი მოქალაქის მსგავსად, მე კარგად ვიცი, რა არის ომი. ვიცი მშვიდობის ფასიც და მისი შენარჩუნების საფასურიც არაერთგზის გადამიხდია. 2008 წლის აგვისტოს მსგავსი სრული უმწეობის განცდით ვეცნობი ყველა საინფორმაციოს, განუწყვეტლივ ვსქროლავ ტელეგრამს, ტვიტერს, ფეისბუქს და ამ სასოწარკვეთილებაში გამოგზავნიდან ათი წუთის დაგვიანებით ვნახულობ მარტას მეილს: „როგორ ხართ? თქვენთან ხომ მშვიდობაა? წარმომიდგენია, როგორი დაძაბულობა და შიშია“, - მწერს იგი დედამიწის მეორე ბოლოდან. ჩემთვის საღამოა, მარტასთვის სისხამი დილა. თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში დროში თორმეტსაათიანი სხვაობა კომუნიკაციისთვის არაფერია. მარტა ჩემი FLEX-ელი (Future Leaders Exchange Program) შვილის ამერიკელი მასპინძელი დედაა. აშშ-ში, ნევადაში ცხოვრობს და უკრაინას გულშემატკივრობს. „იმედია, ომი საქართველოს არ შეეხება, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ამერიკაში თქვენ გაქვთ სახლი, გყავთ ოჯახი და ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ მიგიღოთ და გვერდში დაგიდგეთ, თუ ეს საჭირო იქნება“ - მწერს იგი. საპასუხო წერილში ვუხსნი, რომ აქ სიმშვიდეა და უსაფრთხოდ ვართ. თუმცა, უკვე გაცილებით ძლიერი ვარ. ვიცი, რომ სადღაც ძალიან შორს, დედამიწის მეორე მხარეს, დროის სხვა სარტყელში ჩვენზე ფიქრობენ, დახმარებისთვის მზად არიან და ეს საკმარისია, რომ შიში და ბუნდოვანება დავამარცხო. დავიჯერო, რომ კიევი არ დაეცემა. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს.
ოლესია უკრაინიდან. სამართლის დოქტორი. კიევი, უკრაინა.
საქართველოში ადამიანები უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდებიან. მოაქვთ პროდუქტი, წყალი, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი... ჩემს ქალაქში დახმარების კოორდინირებას საკუთარ თავზე ვიღებ. ირგვლივ წებოვანი სტიკერების ნარჩენები იფანტება. ყველა ყუთს ინგლისურად ვაწერთ, სად რა და რა რაოდენობით დევს, რომ ისედაც ათასი პრობლემის მქონე უკრაინელებს საქმე გავუადვილოთ. ორი თუ სამი დიდი ყუთი რბილი სათამაშოებით აივსო. ყველა კითხვას უარვყოფ, რაც მედიკამენტებთან და წყალსა თუ საკვებთან შედარებით სათამაშოების ნაკლებად პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს. ბავშვების ინტერესები უპირატესია. სათამაშოები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები. ერთი მეორის ადგილს ვერ დაიკავებს და არ ჩანაცვლდება, - პოზიციას ბოლომდე ვიცავ. „მადლობა, ამ მხარდაჭერას არასდროს დავივიწყებთ“ - მწერს ფეისბუქზე ოლესია - ჩემი უკრაინელი მეგობარი, რომელთანაც ამერიკაში ერთობლივი სასწავლო კურსი მაკავშირებს. ოლესია უკრაინის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი და ამქვეყნად ყველაზე აქტიური და პოზიტიური ადამიანია. ომის დაწყების დღიდან მისი ფეისბუქ ლაივი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მძიმე საინფორმაციო ღამეების შემდეგ, როცა ვიტყობთ დაბომბილი ქალაქების, თავშესაფარში გატარებული საათების, მსხვერპლის და ახალი მუქარების შესახებ, ოლესია ყოველ დილით მანქანაში ჯდება და კიევის ქუჩებში მოძრაობას იწყებს. დადის ქალაქში და ჩვენ, მისი მეგობრები ვხედავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქალაქი ცხოვრებას აგრძელებს, ადამიანები სადღაც მიიჩქარიან, ტრანსპორტი მოძრაობს, მოციმციმე შუქნიშნები საგზაო მოძრაობას არეგულირებს... ოლესია კიდევ ბევრ ძალიან სასარგებლო საქმეს უდგას სათავეში - მისი თაოსნობით ახალგაზრდა მეცნიერები პროგრესული მსოფლიოდან უკრაინის მხარდამჭერ ონლაინ პეტიციას აწერენ ხელს, იმართება არაერთი კონფერენცია და შეხვედრა, სადაც იგი უკრაინას ღირსეულად წარმოადგენს, თუმცა, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი დილის ლაივი, სადაც ოლესიას ხალისიანი Доброго ранку, მშვიდი, ლამაზი სახე და კიევის ქუჩების მოციმციმე შუქნიშნები მეუბნება, რომ უკრაინა გაუძლებს, ეს მამაცი ხალხი დაუმარცხებელია და ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით - კიევში, თბილისში, სიეტლში ან სადმე სხვაგან, სადაც ერთად ჯერ არ ვყოფილვართ და ისევ წამოვიწყებთ ახალ თავგადასავლებს, რომელთა სული და გულიც ყოველთვის ოლესია არის ხოლმე. ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ ორიოდ თვეში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარით გაწბილებულს, პირველი ოლესია გამომეხმაურება და გამამხნევებს: „არ იდარდო. შემდეგი თქვენ იქნებით, ჩვენც გვერდში ამოგიდგებით, ერთად ვიმუშავებთ და აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა. აი, ნახავ.“
ელენა ბელორუსიდან. პედაგოგი. ჰორკი, ბელორუსი.
„გთხოვ, ილოცე ჩვენთვის, რადგან სხვა აღარაფერი შველის ჩვენს გულქვაობას და გაყინულ გონებას. განუწყვეტლად ვტირი. ჩვენ, რიგით ადამიანებს გამოსავალიც არ დაგვიტოვეს. ეს როგორ დაგვემართა, ასე რატომ უნდა მომხდარიყო? უამრავი ნათესავი მყავს უკრაინაში, თავს ნახევრად უკრაინელად ვთვლი და ჩემს ირგვლივ ასეთი ბევრია. განა ვინმე მოიგებს ომს, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ წამოიწყებს? განა ღირს დაემორჩილო ხელისუფალს, რომელიც შენი ოჯახის დანგრევას ცდილობს საკუთარი ძალაუფლების საფასურად? სირცხვილი და მწუხარება - მეტს ვერაფერს ვგრძნობ და ეს, მგონი, სამუდამოა“, - მწერს ელენა, ჩემი მეგობარი ბელორუსიდან, რომელთანაც არაერთი ნათელი მოგონება მაკავშირებს. მისი ფეისბუქის პროფილი თუ ადრე მხოლოდ დღესასწაულების მილოცვით და რამდენიმე ოჯახური ფოტოთი შემოიფარგლებოდა, ახლა საერთოდ გაყინულია. რამდენიმე კვირაში ელენას ოჯახი ქვეყანას ტოვებს. გადის კიდევ რამდენიმე კვირა და ტელეფონზე ჩვენი საერთო მეგობარი მეხმიანება. მთხოვს შევხვდე, რომ ელენასგან ჩემთვის გამოგზავნილი საჩუქარი გადმომცეს. ასე ხვდება ჩემთან ომის ქარცეცხლში გამოვლილი ბელორუსული კოსმეტიკა - ზუსტად ის ბრენდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მშვიდობიანობისას მაჩუქა და მე საჩუქარი შევუქე. ელენას მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის ბრძოლის დროსაც არ დაავიწყდა, რომ ადამიანთა შორის მეგობრობა უპირატესია. მოძებნა მის მსგავსად ომს გამორიდებული საქართველოში წამომსვლელი ნაცნობი და ასე გამოიარა ათასობით კილომეტრი ერთი შეხედვით უბრალო საჩუქარმა, სინამდვილეში კი ჩემი გახარების სურვილმა რაც პირდაპირ მიმანიშნებს, რომ ელენა, მე, ჩემი ბლოგის ყველა პერსონაჟი ერთ მხარეს ვდგავართ - ადამიანური სიკეთის, სოლიდარობის, ურთიერთთანადგომის, ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭების სამყაროში, რომელიც მშვიდობის სამყაროა - ომის დროსაც კი.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები:
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ბელორუსის მთავრობამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ტერიტორიის უკრაინაში შეჭრისთვის გამოყენების ნება დართო.
2022 წლის 25 თებერვალს გავრცელდა პრეზიდენტ ზელენსკის ცნობილი ვიდეო სადაც მან, მთავრობის წევრებთან ერთად დაადასტურა, რომ რჩება კიევში და უკრაინელ ხალხთან ერთად იბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ინფორმაციით, 2023 წლის მაისის მონაცემებით, 5,1 მილიონი უკრაინელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით სარგებლობს; 2023 წლის მაისის მონაცემებით კი 6.2 მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე საერთაშორისო ლტოლვილია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) მონაცემებით კი 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად მოკლულია 9369 სამოქალაქო პირი, დაშავებულთა რაოდენობა ამავე პერიოდისთვის 16 646-ს შეადგენს. აშშ დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილისთვის რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ სამხედრო პირთა რაოდენობა 354 ათასია.
ომის პირობებში, სხვადასხვა დროს კიევში ვიზიტით იმყოფებოდნენ და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა (2023 წლის 20 თებერვალი); აშშ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა (8 სექტემბერი, 2022); გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ბორის ჯონსონმა (24 აგვისტო, 2022წ) საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა შოლცმა და იტალიის პრემიერმა დრაგიმ (16 ივნისი, 2022); უკრაინაში რამდენჯერმე იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრო ანალენა ბერბოკი, ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მხრიდან თანადგომის ნიშნად, პრეზიდენტ ზელენსკის პირადად გადასცა ევროკავშირის კანდიდატის კითხვარი (8 აპრილი, 2022წ.). ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისთვის (მოლდოვასთან ერთად) კანდიდატის სტატუსის გადაცემით გამყარდა.
უკრაინის რეინტეგრაციისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო, ეკონომიკურმა და ჰუმანიტარულმა საერთაშორისო დახმარებამ 170 მილიარდი ევრო შეადგინა.
იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში